რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია აცხადებს, რომ მერიამ არგუმენტირებული დასკვნა უნდა წარადგინოს, რატომ არ გაითვალისწინეს საკრებულოს შენიშვნები 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გახარიას პარტიის წევრი ნოდარ შეროზია აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ არგუმენტირებული დასკვნა უნდა წარადგინოს, თუ რატომ არ გაითვალისწინეს საკრებულოს შენიშვნები 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში.

როგორც შეროზია აცხადებს, საკრებულოს შენიშვნები მერიის მიერ წარდგენილ პროექტში ძირითადად ეხებოდა სოციალური, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის მიმართულებებს.

„იმედს ვიტოვებთ, რომ შენიშვნები იქნება გათვალისწინებული და ამ შენიშვნების გათვალისწინებით იქნება წარმოდგენილი ქალაქ რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი. თუ არ იქნება გათვალისწინებული, უნდა იყოს არგუმენტირებული დასკვნა, რატომ არ გაითვალისწინეს საკრებულოს შენიშვნები. აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა შეროზიამ.

ცნობისთვის, რუსთავის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტი საკრებულოს განსახილველად მეორედ წარუდგინა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების საკითხი რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ 24 ნოემბერს პირველი მოსმენით ჩააგდო და მერიას შენიშვნების დოკუმენტთან ერთად უკან დაუბრუნა.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, ოპოზიციური საკრებულოს მიერ გადაგზავნილი შენიშვნების დოკუმენტი მხოლოდ მათი სურვილების ჩამონათვალია, მოთხოვნები არარეალისტურია, რიგ შემთხვევაში საერთოდ სცილდება მერიის კომპეტენციას და რაც მთავარია, დოკუმენტში ასახული არცერთი პუნქტი თანხვედრაში არ მოდის არსებულ შემოსავლებთან.

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის პირველი განხილვა რუსთავის საკრებულოში ხმაურისა და და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრებმა, კი ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა. რუსთავის მერიაში ვარაუდობენ, რომ ოპოზიციური საკრებულო ქალაქის ბიუჯეტს მეორე მოსმენითაც ჩააგდებს და არ დაამტკიცებს.