ევროკომისიამ სანქციების გვერდის ავლა სისხლის სამართლის დანაშაულად დაამტკიცა

ევროკომისიის ოფიციალური ინიციატივით, სანქციების გვერდის ავლა სისხლის სამართლის დანაშაულთა სიაში შედის, რისი სამართლებრივი მოთხოვნებიც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის ერთგვაროვანი ხდება. ამის შესახებ ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

კერძოდ, სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება სანქცირებული პირებისთვის სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების მიწოდება; ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე მათი, თუნდაც ტრანზიტით, დაშვება; მესამე ქვეყნებთან აკრძალული ტრანზაქციების განხორციელება; სანქციებით აკრძალული ფინანსური, იურიდიული, საკონსულტაციო სერვისების მიწოდება; ასევე, იმ საქონლით ვაჭრობა, ექსპორტი, იმპორტი, გაყიდვა, შეძენა, გადაცემა, ტრანზიტი ან ტრანსპორტირება, რომელსაც სანქციები კრძალავს.

დარღვევები ფიზიკური პირებისთვის თავისუფლების აღკვეთას მაქსიმუმ ხუთი წლით ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირები ჯარიმის სახით წინა წლის გლობალური შემოსავლის არანაკლებ 5%-ის ოდენობას გადაიხდიან.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა და დადგენილი სასჯელი ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაში ერთნაირი იქნება.

ევროკომისია მოელის, რომ შეთავაზებული ზომები სანქციების დარღვევის გამოძიებას, პასუხისმგებელ პირთა დევნასა და დასჯას, სანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული აქტივების იდენტიფიცირებას გაამრტივებს, ასევე, სანქციების გვერდის ავლის ხვრელებს ამოავსებს.

ევროკომისიის ოფიციალური წინადადება ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილონ. ამ უკანასკნელმა ნოემბრის ბოლოს ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ სანქციების დარღვევა ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულებაში შეტანილ სისხლის სამართლის დანაშაულთა სიას დაემატოს.

Bloomberg-ის შეფასებით, ახალი კანონმდებლობით ევროკავშირს სანქციების ქვეშ მყოფი პირების ქონების დაკავება და გაყინვა გაუადვილდება. სააგენტო წერს, რომ ამჟამად ეს წესები წევრ ქვეყნებში ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც სახელმწიფოებს შორის რუსული ფულის ნაკადის კონტროლს ართულებს. ამასთან, არსებული კანონმდებლობა მხოლოდ აქტივების გაყინვას უშვებს, ხოლო მათი გადაადგილებისთვის ან გაყიდვისთვის წევრი ქვეყნების შესაძლებლობები მეტად შეზღუდულია.

Bloomberg-ის მონაცემებით, სანქცირებული რუსებისა და კომპანიების ქონება, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაბლოკილი, დაახლოებით, 18,9 მლრდ ევროს ოდენობისაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ