რა ფასად ყიდის საქართველო თხილს უცხოეთში - წლევანდელი ექსპორტი გასული წლის მონაცემებს ჩამორჩება

EastFruit-ის ანალიტიკოსები ქართული თხილის ექსპორტს სწავლობენ. ნოემბერში ქვეყანამ 13,3 მილიონი დოლარის პროდუქტი გაიტანა ექსპორტზე, რაც ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ნოემბრის მონაცემები. თუმცა არის მცირე პოზიტიური ცვლილებაც: თუ 2022 წლის აგვისტო-ოქტომბერში ექსპორტის ღირებულება 2021 წლის ღირებულებებს 30-70%-ით ჩამორჩებოდა, ახლა სხვაობა 17%-მდე შემცირდა. ადგილობრივი ბაზრის ზოგიერთი მონაწილე უფრო აქტიურ მოთხოვნაზე საუბრობს.

გასულ სეზონებთან შედარებით, ნაჭუჭიანი თხილის ექსპორტი მოთხოვნადი რჩება. მიმდინარე წლის საერთო მოგების 30% სწორედ ნაჭუჭიან თხილზე მოდის. პროდუქტის 90% ექსპორტზე იტალიაში გადის.

თხილის გულების ექსპორტის მოცულობა ოქტომბერთან შედარებით 1880 ტონიდან 2022 ტონამდე გაიზარდა, თუმცა 2021 წლის ნოემბრის მაჩვენებელს ის 6%-ით ჩამორჩება. ბოლო სამი თვის განმავლობაში ექსპორტის საშუალო წლიური კლება 40%-ს შეადგენდა, ამიტომ ნოემბერში ასეთი მცირე ჩავარდნა, შესაძლოა, გაუმჯობესებად ჩაითვალოს.

რაც შეეხება თხილის გულის საექსპორტო ღირებულებას, კილოგრამის ფასი 4,80 დოლარია. გასული წლის ნოემბერში კი ფასი 5,70 დოლარს შეადგენდა. წელს თხილის გული გერმანიამ, იტალიამ და სომხეთმა შეიძინეს.

ზოგადად, მიმდინარე სეზონი წინა სეზონს კვლავ საგრძნობლად ჩამორჩება. აგვისტო-ნოემბერში თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 38%-ით ნაკლებია გასული სეზონის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ეკა დარჩიაშვილი