აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი დუბაიში რუსი ოლიგარქის კუთვნილი იახტის კონფისკაციას ცდილობს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი 156 მლნ დოლარის ღირებულების 99-მეტრიანი იახტის, Madame Gu-ს კონფისკაციას გეგმავს, რომელიც, ვაშინგტონის მტკიცებით, სანქცირებულ რუს მილიარდერს, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ანდრეი სკოჩს ეკუთვნის. ინფორმაციას The New York Times-ს (NYT) წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამჟამად Madame Gu არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კერძოდ, დუბაის ნავსადგურში დგას. ივნისში ვაშინგტონმა იახტა დაბლოკილ საკუთრებად გამოაცხადა, რაც აშშ-ის კომპანიებსა და მოქალაქეებს მის მომსახურებას უკრძალავს. თუმცა შეერთებულ შტატებს სუვერენულ ქვეყანაში ქონების კონფისკაცია, მისი მთავრობის ნებართვის გარეშე, არ შეუძლია, საემიროები კი „ოლიგარქების დევნაში“ ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ. გამოცემა წერს, რომ მართალია, აბუ დაბის ოფიციალური პირების განცხადებაში, კონკრეტულად, Madame Gu ნახსენები არ არის, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი მეტად სერიოზულად აღიქვამენ თავიანთ როლს „გლობალური ფინანსური სისტემის მთლიანობის მფარველობაში.“

NYT წყარო ვარაუდობს, რომ ვაშინგტონი Madame Gu-ს კონფისკაციისთვის Airbus A319-100-ის წინააღმდეგ აგვისტოში აღძრულ საქმეს გამოიყენებს, რომელსაც აშშ იმავე ანდრეი სკოჩს უკავშირებს. 90 მლნ დოლარის ღირებულების თვითმფრინავის დევნის საფუძველი გახდა ის, რომ არუბაში მისი რეგისტრაციისა და დაზღვევისთვის ტრანზაქციები დოლარში ხდებოდა, ანდრეი სკოჩის წინააღმდეგ კი სანქციები უკვე მოქმედებდა და მას ამ ტრანზაქციებისთვის ლიცენზია არ გააჩნდა.

გამომძიებლები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ იახტის მფლობელმა ან მის ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელმა კომპანიამ აშშ-ის ფინანსური სისტემა „გადაკვეთა,“ რითიც გაერთიანებულ საემიროებზე ზეწოლას მოახდენენ. NYT წერს, რომ „თუ გემის მხარდაჭერასთან დაკავშირებულია აშშ დოლარი, მაშინ შესაძლოა, ფართომასშტაბიანი აღსრულების ქმედებები გატარდეს, ხოლო ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც მხარს უჭერენ სანქცირებულ ორგანიზაციებს, შესაძლოა, თავად დაექვემდებარონ სანქციებს.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ