საქართველოს კანადის სავაჭრო მისია ესტუმრა

საქართველოს კანადის სავაჭრო მისია ესტუმრა, რომელსაც სტამბოლში კანადის კონსული და რეგიონის ქვეყნებში კანადის მთავარი სავაჭრო კომისარი, რენე უესილი ხელმძღვანელობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში რენე უესილი საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორს, იოსებ ნანობაშვილს შეხვდა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კანადას შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო სფეროებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები. საუბარი შეეხო ენერგეტიკის, გაზსადენების ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ამ მიმართულებით მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ იმუშაონ 2016 წელს კანადის მსხვილი სავაჭრო-საინვესტიციო მისიის საქართველოში ვიზიტის მომზადების საკითხებზე.

"ჩვენი საქართველოში ვიზიტის მიზანი არ არის მხოლოდ თქვენი ბაზრის შესწავლა, რომელთანაც კანადური კომპანიები ითანამშრომლებენ, ჩვენი მიზანია ასევე გავაგებინოთ კანადელ ბიზნესმენებს, რომ საქართველო მთლიანად რეგიონისთვისაა უმნიშვნელოვანესი ადგილი, საიდანაც შეიძლება პროდუქციის გავრცელება რეგიონის სხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია ასევე ის რესურსები, რაც საქართველოს ენერგეტიკაში, მათ შორის ეკოლოგიურ ენერგიასა და სოფლის მეურნეობაში გააჩნია. ჩემი მთავარი ამოცანაა უახლოეს მომავალში შევძლო და საქართველოში კიდევ უფრო დიდი კანადური სავაჭრო მისია ჩამოვიყვანო, რომელიც უნდა მიხვდეს, რომ რეგიონში ფოკუსირება არა მხოლოდ თურქეთზე არამედ საქართველოზეც გააკეთოს", - განაცხადა რენე უესილისმა.

სავაჭრო მისიის ფარგლებში კანადის დელეგაციაში შედიან ღორის ხორცის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მათ შორის Canada Pork International, Commtrade International Food Trading Inc., Export Packers Company Limited, Kristom Canada, Ronald A. Chisholm Limited და Seapass Trading Inc.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.