მედვედჩუკის იახტას აუქციონზე გაყიდიან

ვიქტორ მედვედჩუკის იახტას, Royal Romance-ს, რომელიც წლის დასაწყისში ხორვატიაში დააკავეს, აუქციონზე გაყიდიან. ინფორმაციას The Guardian უკრაინის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაპატიმრებული ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინულმა მხარემ ახლახან, ტყვეების გაცვლის ფარგლებში, რუსეთს გადასცა. ის აკრძალული პოლიტიკური პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ დეპუტატი იყო და სამშობლოს ღალატში არის ეჭვმიტანილი.

ხორვატიის სასამართლომ დაადგინა, რომ მედვედჩუკის 93-მეტრიანი იახტა აქტივების ძიებისა და მართვის ეროვნულ სააგენტოს (ARMA) გადაეცემა. ARMA-ს წარმომადგენლებმა დაკავებული იახტა 13-22 ნოემბერს შეამოწმეს.

სააგენტოს მიერ Facebook-გვერდზე გამოქვენებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ARMA-მ აღნიშნული აქტივი სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში გამოავლინა და მოგვიანებით, დაყადაღების შემდეგ, ეკონომიკური ღირებულების შესანარჩუნებლად ელიტარული ქონების აუქციონზე გაყიდვის უფლება ქალაქ სპლიტის საოლქო სასამართლოსგან მიიღო.“ იახტის ARMA-სთვის გადაცემის ღონისძიება საზღვაო პორტის ადმინისტრაციას დაევალა. ARMA-ს თანამშრომლებმა პორტის, ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოებისა და ხორვატიის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების სერია გამართეს, რის შედეგადაც ARMA-ს სპეციალისტებმა ქალაქ ტროგირში მდებარე აქტივის ვიზუალური დათვალიერება და ფოტოფიქსაცია მოახერხეს.

The Guardian-ის შეფასებით, მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სანქციები ასობით ოლიგარქის აქტივებზე დააწესეს, ეს იქნება უკრაინის სახელით განხორციელებული პირველი გაყიდვა.

ARMA აცხადებს, რომ დაპატიმრებული ქონების მართვა, რომელიც უცხოური იურისდიქციის ფარგლებში მდებარეობს, უნიკალური მდგომარეობაა და არ გააჩნია ანალოგი არც უკრაინაში და არც საერთაშორისო პრაქტიკაში.

ნაციონალური სააგენტოს ცნობით, Royal Romance მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იახტაა და მისი სავარაუდო ღირებულება გამოშვების მომენტისთვის, დაახლოებით, 8 მლრდ გრივნაზე, ანუ 200 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს.

ARMA-ს ანგარიშში წერია, რომ „გემის სიმაღლე 29 მეტრია, შედგება ექვსი სართულისგან და აღჭურვილია ორი ლიფტით. სხვა სიმდიდრესთან ერთად, იახტას აქვს ოთხი გემბანი, ასევე, მასზე განთავსებულია კინოთეატრი, სპორტული დარბაზი, საცურაო აუზი, სპა ზონა, სილამაზის სალონი და 50-მდე ოთახი სხვადასხვა დანიშნულებით.“

მიმდინარე წლის აპრილში ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის, ოქსანა მარჩენკოს ქონება დააპატიმრა და იახტა, Royal Romance სააგენტო ARMA-ის მმართველობას გადასცა.

სპეციალურ ვებგვერდ MarineTraffic-ის მიხედვით, Royal Romance 2015 წელს აშენდა, ხოლო Jutarnji list იტყობინება, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში იახტა აშშ-ის FBI-ის აგენტებმა გაჩხრიკეს. აშშ პუტინის ნათლიის, მედვედჩუკისა და მისი მეუღლის წინააღმდეგ საქმეს ფედერალური კანონების დარღვევის, კერძოდ, ფულის გათეთრების გამო იძიებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ