კრემლი რუსულ ნავთობზე ზღვრულ ფასს არ აღიარებს და საპასუხო ზომებისთვის ემზადება

რუსეთი დასავლეთის მიერ ნავთობზე დაწესებულ ზღვრულ ფასს არ აღიარებს. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

პესკოვი ამბობს, რომ მზადდება გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მხრიდან საპასუხო ზომების შესახებ.

„ერთი რამ ცხადია, რომ არანაირ ზღვრულ ფასს, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებთ,“ - აცხადებს პესკოვი.

მისი თქმით, რუსულ ნავთობზე „ზღვრული ფასის“ შემოღება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაფინანსებასა და მიმდინარეობაზე კი არა, არამედ მხოლოდ გლობალური ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობაზე იმოქმედებს.

პარასკევს, ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსულ ნავთობზე ბარელის ზღვრული ფასი 60 დოლარამდე დაადგინეს. ამას მოჰყვა G7-ის ქვეყნების განაცხადება, რომ რუსეთიდან საზღვაო გზით ექსპორტირებულ ბარელ ნავთობზე ფასი 60 დოლარს აღარ ასცდება.

„დიდი შვიდეული, ავსტრალიასთან ერთად, უერთდება ევროკავშირს და რუსეთიდან ზღვით მიწოდებული ნავთობისთვის ბარელზე 60-დოლარიან ზღვარს იზიარებს,“ - ნათქვამია G7-ის განცხადებაში.

აშშ-ის ფინანსთა მდივანი, ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ ასეთი ნაბიჯი, ერთი მხრივ, შეზღუდავს რუსეთის შემოსავლებს და, მეორე მხრივ, „მსოფლიოში ენერგომომარაგების სტაბილურობას შეინარჩუნებს.“

ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი, მათ შორის რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო, ძალაში დღეიდან, 5 დეკემბრიდან შევიდა. ამასთან, იკრძალება რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაზე მომსახურების გაწევა, მისი დაზღვევა, საბროკერო მომსახურება და ოპერაციების დაფინანსება. გამონაკლისი მაშინ იმოქმედებს, თუ საწვავი ზღვრულ ფასზე ძვირად არ გაიყიდება.

ანალოგიურ აკრძალვას G7-ის ქვეყნებიც, ანუ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია და აშშ აწესებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ