რუსეთის ბიუჯეტმა ნოემბერში ნავთობისა და გაზის შემოსავლებიდან 1,450 მლრდ დოლარი დაკარგა

ნოემბრის მონაცემებით, მოსალოდნელი თვიური მოცულობიდან ნავთობისა და გაზის ფაქტობრივი შემოსავლების გადახრამ მთლიანობაში მინუს 90,2 მლრდ რუბლი (დაახლოებით, 1,450 მლრდ დოლარი) შეადგინა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში წერია, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

ფედერალურ ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების მოსალოდნელი მოცულობა, რომელიც საბაზისო დონესთან ნავთობის ფაქტობრივი ფასის გადაჭარბებასთან არის დაკავშირებული, დეკემბერში 176,1 მლრდ რუბლის (დაახლოებით 2,827 მლრდ დოლარის) ოდენობით არის პროგნოზირებული. ამრიგად, ნოემბრის გადახრის გათვალისწინებით, ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების თანხის მთლიანი ოდენობა 85,9 მლრდ რუბლამდე (დაახლოებით 1,379 მლრდ დოლარამდე) არის შეფასებული.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, წელს საბიუჯეტო ნორმების გარკვეული დებულებების შეჩერების გამო, რომლებიც ფედერალურ ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის დამატებით შემოსავლებს შეეხება, ამ თანხებით უცხოური ვალუტისა და ოქროს შესყიდვა არ განხორციელდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ