უფრო პოპულისტური, ვიდრე ფისკალური და ეკონომიკური - „საზოგადოება და ბანკები“ ბანკებისთვის მოგების გადასახადის ზრდაზე

უფრო პოპულისტური, ვიდრე ფისკალური და ეკონომიკური - ასე ეხმაურება „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე პრემიერის მიერ დღეს გაჟღერებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლიდან კომერციული ბანკებისთვის მოგების გადასახადი 15%-დან 20%-მდე იზრდება.

„ეკონომიკური თვალსაზრისით ეს მნიშვნელოვნად არაფერს შეცვლის. თავიდან რომ დავიწყოთ, 2018 წელს, როცა სხვა ბიზნესებისთვის მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ამოქმედდა, საბანკო სექტორისთვის დარჩა იმ არგუმენტით, რომ სექტორი დღგ-ს არ იხდის. თუმცა იგეგმებოდა გაუქმება, მაგრამ იმდენჯერ გადაიწია გაუქმების თარიღმა, რომ ცხადი იყო, ან კიდევ გადაწევდნენ გაუქმების თარიღს, ან გადასახადს დატოვებდნენ ძალაში. ამასობაში, ისე მოხდა, რომ გადასახადი გაუქმების ნაცვლად საერთოდ გაზარდეს.

ფისკალური თვალსაზრისით ეს მნიშვნელოვნად გაზრდის-თქო საბიუჯეტო შემოსავლებს, რომ ვთქვათ, ძალიან ხმამაღალი განაცხადი იქნება. მე ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკური და პოპულიზმზე გათვლილი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ რამდენად მართებული ნაბიჯია, დრო გვაჩვენებს. პირველადი რეაქციებით რაც ჩანს, მოსახლეობის უმეტესობამ აღიქვა, რომ თუ მთავრობა ბანკებს გადასახადს გაუზრდის, ბანკები სესხის პროცენტს გააძვირებენ და ისევ მოსახლეობისგან მოხდება თანხის ამოღება. ასე რომ, პოპულიზმზე გათვლილი გადაწყვეტილება, შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული.

მე, არც იმას ველოდები, რომ გადაწყვეტილების გამო ბანკებმა პროცენტი გაზარდონ. უბრალოდ, ქვეყნიდან რომელიც იმ ტენდენციით ხასიათდებოდა, რომ გადასახადები უქმდება, ან მცირდება, ძალიან ცუდი გზავნილია ინვესტორებისთვის, რომ გადასახადი იზრდება. ბანკები ამით ნამდვილად არ დაიღუპებიან და გააგრძელებენ მუშაობას და ეკონომიკის დაკრედიტებას", - განაცხადა კეპულაძემ.

მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების" 10-წლიან მმართველობაში, ეკონომიკაში გადადგმული კარგი ნაბიჯი თუ შეიძლება გაგვახსენდეს, მოგების გადასახადის ესტონური მოდელია. მით უფრო, მცირე და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში. როცა მათ აღარ ვახდევინებდით მოგების გადასახადს და ეს თანხა სექტორში რეინვესტირების სახით რჩებოდა. ეს არის მნიშვნელოვანი შეღავათი. ზოგადად, რაც უფრო ნაკლები იქნება მოსაკრებლები, ეს არის უკეთესი საინვესტიციო თვალსაზრისით. ამიტომ ვფიქრობ, უნდა იყოს გრძელ ვადაში განჭვრეტადი ინვესტორებისთვის, როგორი იქნება საგადასახადო და ეკონომიკური გარემო", - განაცხადა კეპულაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან".

ცნობისათვის, როგორც დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადის ესტონური მოდელი აღარ ამოქმედდება, თავად გადასახადი კი, დღეს არსებული 15%-დან 20%-მდე გაიზრდება.

იხილეთ ასევ:

„ამხელა მოგება აქვთ ბანკებს. უბრალოდ გაუმართლებელია“ - რა იცვლება საბანკო სექტორისთვის

ბანკებისთვის გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება ბანკებთან კომუნიკაციის შედეგად მივიღეთ - ეკონომიკის მინისტრი

თამარ მუკბანიანი