ლევან დავითაშვილი - ავტოსადგურები და ავტოსადგომები არც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს და არც ვიზიტორების

ჩვენი ავტოსადგურები და ავტოსადგომები არც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს და არც ვიზიტორების, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ავტოსადგომებთან დაკავშირებული კანონპროექტი, სავარაუდოდ, 2023 წელს იქნება მიღებული.

„ავტოსადგომებთან დაკავშირებით ჩვენ გამზადებული გვაქვს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს წარედგინება და შესაბამისად მოხდება ამ მიმართულების დარეგულირება, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია, რადგან დღევანდელი ავტოსადგომები აბსოლუტურად დერეგულირებულია. შეიძლება ეს კარგი იყოს, მაგრამ ისინი ვერ პასუხობენ იმ მინიმალურ პასუხებს, რასაც ჰქვია ხარისხის, სანიტარული, უსაფრთხოების, თუ მგზავრებზე ზრუნვის სტანდარტები, მათ შორის, მომსახურების ხარისხი, იგივე ბილეთების გაყიდვის, გრაფიკებთან დაკავშირებით საიმედოობა და ბევრი სხვა რამ. ეს ყველა დეტალი გაწერილია. რამდენიმე კატეგორიის ავტოსადგომი იქნება და საქართველოში მალე მივიღებთ იმ სტანდარტის ავტოსადგომს, როგორიც არის ევროკავშირში. როდესაც ვსაუბრობთ ტურიზმის მნიშვნელობაზე, დამეთანხმებით რომ არის სფეროები, სადაც აშკარად გვაქვს ჩამორჩენა და მათ შორის, ერთ-ერთი არის ეს - ჩვენი ავტოსადგურები და ავტოსადგომები არც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს და არც ვიზიტორების“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.