15-წლიანი ხელშეკრულება - გერმანიას გათხევადებულ გაზს კატარი მიაწვდის

გერმანია და კატარი გათხევადებული ბუნებრივი აირით (LNG) ვაჭრობაზე შეთანხმდნენ, რაც ევროპის უმსხვილეს ეკონომიკას რუსული გაზის იმპორტის შემცირებაში უნდა დაეხმაროს.

ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი Qatar Energy და ConocoPhillips 2026 წლიდან გერმანიას 2 მილიონ ტონა LNG-ის მიაწვდიან ყოველწლიურად. კატარის ენერგეტიკის მინისტრის, საად ალ ქააბის თანახმად, კონტრაქტი 15 წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

რუსეთის მიერ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ გერმანია ენერგოპოლიტიკას რადიკალურად ცვლის, ეძებს ალტერნატივებს და აშენებს LNG-ის მისაღებ ტერმინალებს. ქვეყანას უარის თქმა უწევს იაფ რუსულ გაზზე, რომელზეც აქამდე, იტალიასთან ერთად, ევროპული ქვეყნებიდან ყველაზე მეტად, 40%-ით იყო დამოკიდებული.

კატარიდან სამომავლოდ მიღებული 2 მლნ ტონა გათხევადებული ბუნებრივი აირი 2021 წელს რუსეთიდან იმპორტის მხოლოდ 6% იქნება, თუმცა ეს კონტრაქტის მნიშვნელობას არ ამცირებს, რამეთუ LNG-ზე მოთხოვნა ევროპაში, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იზრდება.

კატარის ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ გერმანულ ენერგოკომპანიებთან გრძელვადიან კონტრაქტებზე და დამატებითი მოცულობის მიწოდებაზე საუბარი გრძელდება.

ცნობისთვის, მომდევნო 10-15 წელში გერმანია 5 ტერმინალის აშენებას გეგმავს, რაც ქვეყანას 6.7 მილიონი დოლარი დაუჯდება.

კახი ჩაკვეტაძე