რამდენად წარმატებულია 4-დღიანი სამუშაო კვირა? - ახალი კვლევის შედეგები

4-დღიან სამუშაო კვირაზე პირველი მსხვილმასშტაბიანი კვლევა გამოქვეყნდა. ბოსტონის, დუბლინისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების მკვლევრების ერთობლივ კვლევაში 33 კომპანია მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ მათგან არცერთი არ აპირებს 5-დღიან სამუშაო კვირას დაუბრუნდეს.

კვლევა აჩვენებს, რომ ამ მეთოდზე გადასვლის შემდეგ ორგანიზაციებში გაიზარდა როგორც შემოსავალი, ასევე დასაქმებულების პროდუქტიულობა, სამსახურის გაცდენის შემთხვევები კი შემცირდა. გარდა ამისა, 4-დღიან სამუშაო კვირაში დასაქმებულები უფრო მეტად იჩენდნენ სურვილს, ემუშავათ ოფისიდან, ვიდრე სახლიდან.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 2-დღე დასვენება საკმარისი არაა. ბევრ ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს სამუშაო კვირა, რომელიც 1938 წელს შემოიღეს და არაა თანხვედრაში თანამედროვე ცხოვრებასთან“, - ამბობს მკვლევარი ჯულიეტა შორი, რომელიც ბოსტონის კოლეჯის ეკონომისტი და სოციოლოგია.

მონაცემები ეყრდნობა ბიზნესებსა და ორგანიზაციებს ამერიკაში, ირლანდიასა და ავსტრალიაში. 10-თვიან პერიოდში დაკვირვების ქვეშ 969 დასაქმებული იყო, რომელთა სამუშაო დრო 6 საათით შემცირდა ანაზღაურების შეუცვლელად. შერჩეული კომპანიები სხვადასხვა ინდუსტრიას წარმოადგენდნენ, დაწყებული რესტორნებიდან დამთავრებული არასამთავრობო ორგანიზაციებით.

გადასვლის პროცესში გაუმჯობესდა იმგვარი ინდიკატორები, როგორებიცაა პროდუქტიულობა, კეთილდღეობა თუ დაღლილობა. ორგანიზაციების შემოსავალი, დაახლოებით, 8%-ით გაიზარდა საკვლევ პერიოდში, წინა წელთან შედარებით კი 38%-ით, რაც ბიზნესების ზრდაზე მიუთითებს.

პროდუქტიულობის გაზომვა შედარებით უფრო რთული საქმეა, თუმცა ორგანიზაციებმა ცვლილების ეფექტები დადებითად შეაფასეს - საშუალოდ 7.7 ქულით 10-ბალიანი სკალიდან. სამსახურის გაცდენების რაოდენობა თვეში 0.6 დღიდან 0.4 დღემდე ჩამოვიდა, დაქირავების მაჩვენებელი კი მცირედით გაიზარდა. კომპანიებმა საერთო გამოცდილება 10-დან 9 ქულით შეაფასეს.

„მიღებული სარგებელი მნიშვნელოვანია და აღემატება ძალისხმევის იმ დონეს, რომელიც ცვლილებაში ჩასართავადაა საჭირო. თანამშრომლების ჩართულობის დონე გაიზარდა და იყო უფრო მაღალი, ვიდრე ოდესმე დაგვიფიქსირებია. ასევე შემცირდა დაგვიანებების რაოდენობა, დაქირავება კი უფრო გამარტივდა, რასაც პროდუქტიულობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს“, - ამბობს ჯონ ლელანდი, მთავარი სტრატეგიული ოფიცერი კომპანია Kickstarter-ში, რომელმაც 4-დღიანი სამუშაო კვირა თავის 100-მდე დასაქმებულისთვის შემოიღო.

კვლევის ერთ-ერთი სისუსტე ისაა, რომ მონაწილე კომპანიების ხელმძღვანელები 4-დღიანი სამუშაო დღის მიმართ თავიდანვე ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილები და შესაძლოა, მიკერძოებულებიც. თუმცა არა დასაქმებულები, რომელთა 79%-მა ამ განრიგით მუშაობის გაგრძელება ისურვა, რადგან შემცირდა სტრესი, შფოთვა, დაღლილობა თუ ძილის პრობლემები.

კვლევაში მონაწილე კომპანიებს შორის ასევე ჭარბობდა მცირე ბიზნესები ახალგაზრდა თანამშრომლებით. მკვლევრები ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები უფრო მსხვილ, კარგად ნაცნობ კომპანიებთან 1,000-დან 35,000 თანამშრომლით, რაც, 2023 წელს კვლევის ჩატარების შემთხვევაში, უფრო ფართო სურათის დანახვის საშუალებას მოგვცემს. ამ კვლევაში ბიზნესების 36% ტექნოლოგიების სფეროს, 27% პროფესიულ სერვისებს, 9% არასამთავრობო ორგანიზაციებს, დანარჩენი კი ხელოვნების, წარმოების, სამშენებლო, განათლების, კვებისა და სხვა სფეროებს წარმოადგენდნენ.

კახი ჩაკვეტაძე