ჰოლივუდელთა წარმატების საიდუმლო

ვებგვერდი Mashable ჰოლივუდის წარმატებული ადამიანების რჩევებს გიზიარებთ, თუ როგორ მიაღწიოთ წარმატებას თქვენს საქმეში

ჰოლივუდში მოხვედრაზე ალბათ, უამრავი ადამიანი ოცნებობს, თუმცა ამერიკის ამ საოცნებო მხარეში მოხვედრა არცთუ ადვილია, წარმატების მიღწევა კი გაცილებით რთული.

ვებგვერდი Mashable ჰოლივუდის წარმატებული ადამიანების რჩევებს გიზიარებთ, თუ როგორ მიაღწიოთ წარმატებას თქვენს საქმეში იქნება ეს ჰოლივუდი თუ მსოფლიოს სხვა მხარე.

ნუ შეგეშინდებათ გარისკვის

”დადეთ პატარა ფსონი დიდი რისკით” , - ჯონ ლანდგრაფი, ამერიკული ტელერახის FX Network-ის პრეზიდენტი.

ჯონ ლანდგრაფმა პირველ დიდ წარმატებას ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის აღმასრულებელი პროდიუსერობისას მიაღწია, თუმცა FX-ზე მუშაობის პერიოდში საქვეყნოდ ცნობილი გახდა.

ჯონ ლანდგრაფის თქმით, უკვე ცნობილ პროექტებზე მუშაობის დაწყებისას მან აირჩია აბოსლუტური შემოქმედებითი დამოუკიდებლობა მიზერული ბიუჯეტის სანაცვლოდ, რამაც საბოლოო ჯამში გაამართლა და FX-ს დიდი მოგება მოუტანა.

ცხოვრება მხოლოდ ბიზნესი არ არის

”ყოველ დღე ჩვენ რამდენიმე მიზეზი გვაქვს სიცილისთვის და ეს სულაც არ არის სისულელე”, - გეილ ბერმანი, ტელესტუდია The Jackal Group-ის დამფუძნებელი.

გეილ ბერმანი პირველი და ერთადერთი ქალი გახდა, რომელმაც კინოსტუდია ”პარამაუნტში” და ტელეკომპანია ”ფოქსში” ლიდერის პოზიციები შეინარჩუნა. მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები ყოველთვის მიიჩნევდნენ, რომ გეილი მართლაც გამორჩეული ხელმძღვანელი იყო.

”მიუხედავად იმისა, ლიდერი ხართ თუ რიგითი თანამშრომელი, თქვენი ქცევა ყოველთვის გადამდებია გარშემომყოფებისთვის. თქვენ შეგიძლიათ გადადოთ მათ ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი. ყოველთვის ეცადეთ იყოთ დადებითი მაგალითი სხვებისთვის”, - ამბობს გეილ ბერმანი.

ლიდერებად არ იბადებიან, ლიდერები ხდებიან

”ლიდერობა უნდა ისწავლო”, - შონდა რაიმსი, სერიალ ”გრეის ანატომიის” შემქმნელი

როდესაც შონდა რაიმსმა ”გრეის ანატომიაზე” დაიწყო მუშაობა, თავდაპირველად გამოცდილ აღმასრულებელ პროდიუსერთან ერთად უწევდა მუშაობა. თუმცა ოთხი სერიის შემდეგ მიხვდა, რომ ეს მისთვის ნამდვილი სტრესი იყო. ამიტომ კრიტიკის მიუხედავად, იპოვა საკუთარ თავში ძალა და დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა.

”არაფერია იმაზე დამაჯერებელი, ვიდრე საკუთარ თავში რწმენა. მაშინაც კი, თუ მცირე კომპანიის ხელმძღვანელობაც კი გაშინებთ, გახსოვდეთ, ყველაზე წარმატებული ადამიანებიც კი ნერვიულობენ ხოლმე. ლიდერობა არც ისე რთული სასწავლია”, - ამბობს შონდა რაიმსი.

ნუ გაჩერდებით ერთ ადგილას

”არ მინდა ერთ ადგილს ვტკეპნიდე, წინსვლა მესაჭიროება”, - მაიკლ ოვიტცი, სააგენტო Creative Artists Agency-ის ერთ-ერთ დამფუძნებელი.

მაიკლ ოვიტციმ ბიზნესი ნაქირავები სკამებითა და მაგიდებით დაიწყო, თანამშრომლები კი ძირითადად ბიზნესპარტნიორების მეორე ნახევრები იყვნენ, რომლებიც თავდაპირველად უხელფასოდ მუშაობდნენ.

90-იან წლებში მაიკლ ოვიტცი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი და სარეკლამო აგენტი იყო, რომელიც თავის დროზე ”უოლტ დისნეის” პრეზიდენტიც იყო.

”სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გირჩევთ, კვირაში ერთხელ გამორთოთ ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი, ტელევიზორი და უპასუხოთ კითხვას - რა ნაბიჯები უნდა გადადგათ დღეს, რომ წარმატებას მიაღწიოთ მომავალში?”, - ამბობს მაიკლ ოვიტცი.