შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, შრომის ინსპექციის სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში შრომის თემატიკაზე მომუშავე უწყებებს ხვდებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა შრომის სახელმწიფო დეპარტამენტთან.

„შეხვედრაში მონაწილეობდნენ შრომის თემატიკაზე მომუშავე სხვადასხვა სააგენტოები, სადაც განხილულ იქნა შრომის ინსპექტირების მექანიზმები და უშუალოდ ინსპექტირების პროცესები აშშ-სა და საქართველოში.

სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს შრომის კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები.

მთავარი შრომის ინსპექტორის ბექა ფერაძის განცხადებით, ქვეყანა მდგრადად განაგრძობს წინსვლას ქვეყანაში ღირსეული შრომის პირობების განვითარების გზაზე, რაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო პარტნიორებს მიუძღვით. შრომითი ნორმების ეფექტურად აღსრულების მიზნით კი, შრომის ინსპექციის სამსახური არსებული მანდატიდან გამომდინარე ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შტატების დონეზე შრომის თემატიკაზე მომუშავე სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საინფორმაციო/ სამუშაო შეხვედრები. აქვე აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამისა (IVLP) და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან. ვიზიტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - შრომითი უფლებების გაძლიერება ეფექტური შრომის ინსპექტირების მეშვეობით, საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP) ფარგლებში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.