გერმანიის მთავრობა, ბათუმში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციისთვის, 55 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი, 7 დეკემბერს, საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხელს მოაწერს დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 55 მილიონი ევროს გამოყოფას ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის მე-5 ფაზისათვის.

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბათუმში წყლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვითარდებოდა, რისთვისაც დღემდე დაახლოებით 138 მილიონი ევროა გამოყოფილი.

„შედეგად 200 000-ზე მეტ ადამიანს, რომლებსაც ადრე დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ წვდომა სასმელ წყალზე, ახლა ჰიგიენურად უსაფრთხო სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდება. თანამედროვე წყალარინების ქსელისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შედეგად კანალიზაციის წყლები პროფესიონალურად გაედინება და იწმინდება. ასევე ახალი სანიაღვრე სისტემისა და წვიმის წყლის სატუმბი სადგურის წყალობით საგრძნობლად შემცირდა ქალაქის ცენტრის დატბორვის საფრთხე. სანაპიროსთან დელფინებიც კი გამოჩნდნენ, რაც წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტყველებს.

დაფინანსების ახალი შეთანხმების შედეგად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბათუმის მზარდი მოსახლეობის სასმელი წყლით გაუმჯობესებული მომარაგება. განხორციელდება სასმელი წყლის ძველი გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების. წყალარინების გამწმენდი ნაგებობა გაფართოვდება და აღიჭურვება შლამის დამუშავებისა და საკვები ნივთიერებების ელიმინაციის სისტემებით.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა KfW-ის მეშვეობით პროექტისათვის გამოყოფს 53 მილიონი ევროს ოდენობის სესხს და ასევე 2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს თანმხლები ღონისძიებებისთვის მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანია „ბათუმის წყლის“ ხელშეწყობის მიზნით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.