ლევან დავითაშვილი - პრემიერის მოწოდებაა გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა დღის წესრიგი და პოლიტიკური ინტერესები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საზიანოდ არ გამოიყენონ

ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინაში ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების „საწყალ ბიჭებად“ მოხსენიება საკუთარი მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მოტივით ახსნა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, პრემიერისთვის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და კეთილდღეობის გაფრთხილება. ესაა მთავრობისა და პრემიერის სულისკვეთება, განწყობა და გრძნობა. აქედან გამომდინარე, ის, როგორც მთავრობის მეთაური, საკუთარი მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს. შესაბამისად, ის იყო მოწოდება, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიკური ინტერესები არ გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საზიანოდ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ“. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ომში დაღუპული „საწყალი ბიჭები“ საქართველოს მოქალაქეები არიან.