რამდენმა ადამიანმა დაუწესა საკუთარ თავს აზარტულ თამაშებზე თვითშეზღუდვა - ფინანსთა სამინისტრო

იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც კანონით აზარტული თამაშები ეკრძალებათ, დღითიდღე იზრდება - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" ფინანსთა სამინისტროს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელმა ლაშა პიტნავამ განაცხადა. მისივე თქმით, ასევე მზარდია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ თავს თამაშზე თვითშეზღუდვას უწესებენ.

ცნობისათვის, 1-ელ აპრილს სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების ახალი პაკეტი ამოქმედდა. სხვა ცვლილებებთან ერთად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ შემოსავლების სამსახურს, რომ თავად შეეზღუდოთ თამაშის უფლება. ასევე, ლუდომანების ოჯახის წევრებს, სასამართლო გზით აქვთ უფლება თამაში შეუზღუდონ ოჯახის წევრებს.

ლაშა პიტნავა აცხადებს, რომ 1-ლი აპრილიდან დღემდე თვითშეზღუდვით რეესტრში 3 400 ადამიანი მოხვდა, ოჯახის წევრის მიმართვის საფუძველზე კი 30.

„მოგეხსენებათ, პირველ აპრილს პრემიერის პირადი ინიციატივით შევიდა ცვლილებები და რეგულაცია ძალაში. შედეგად, დაწესდა ასაკობრივი ზღვარი, აიკრძალა რეკლამა და ა.შ. კონკრეტულ პირებს საერთოდ შეეზღუდათ თამაში. მაგალითად, საჯარო მოხელეებს, სოციალურად დაუცველებს და სხვებს. ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება. ამ მომენტისთვის თამაშის უფლება აკრძალული აქვს საქართველოს 1.5 მლნ მოქალაქეს. ხოლო, დამოკიდებული პირები, აქ ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც თამაშდამოკიდებული არიან, მიმართავენ შემოსავლების სამსახურს და 5 წლით ეკრძალებათ თამაში. ამ ეტაპზე ასეთი რეესტრში 8 თვის განმავლობაში 3 400 მოქალაქეა.

გარდა ამისა, გვაქვს სასამართლოთი აკრძალვის წესი, როცა მიმართავს ოჯახის წევრი და ითხოვს თამაშის უფლების შეზღუდვას. ასეთი ამ ეტაპზე 30 ადამიანია", - განაცხადა ლაშა პიტნავამ ,,საქმეში".

თამარ მუკბანიანი