გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს

საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიის თანახმად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში, საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ განაცხადა.

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, რადგან კორუფცია საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს.

„კორუფციული დანაშაული მისი სპეციფიკიდან, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხიდან და სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რის გამოც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს“ - აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურის სისტემაში შექმნილია სპეციალიზებული დანაყოფი - კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალპროფესიონალი კადრებით და სრულად უზრუნველყოფილია სათანადო რესურსებით, რაც იძლევა მათი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების გარანტიას.

„უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს მუშაობა სტრუქტურულ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს სპეციალიზებული ანტიკორუფციული დანაყოფის გაძლიერებას და ყველა რეგიონალურ დანაყოფში სპეციალიზებული გამომძიებლების დანიშვნას“, - განაცხადა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბაკურ აბულაძემ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წელს გამოძიება დაიწყო საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 172 სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 115 პირის მიმართ, ყველაზე მეტი - 45 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტებზე; სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 22 პირის მიმართ.

ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 90 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში, ხოლო მათგან 5 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას მაღალი თანამდებობის პირს წარმოადგენდა. სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულში მხილებული 95 პირის მიმართ. სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე დამნაშავედ იქნა ცნობილი 27 პირი, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე - 22 პირი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 9 თვეში კორუფციული დანაშაულის ჩადენაში სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი 6 პირი, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტში იკავებდნენ მაღალ თანამდებობას.

გარდა ამისა, 2022 წლის 9 თვეში გამოძიება დაიწყო კერძო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 89 სისხლის სამართლის საქმეზე. აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორში ჩადენილ კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 52 საქმეზე. რაც შეეხება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება - გაფლანგვის ფაქტებს, გამოძიება დაიწყო 34 საქმეზე.

კერძო სექტორში კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 95 პირის მიმართ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება - გაფლანგვის ფაქტებზე დევნა დაიწყო 43 პირის მიმართ. სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა კერძო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულში მხილებული 57 პირის მიმართ. სასამართლომ დამნაშავედ კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე ბრალდებული 38 პირი დამნაშავედ ცნო, ხოლო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება - გაფლანგვის ფაქტებზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 18 პირის მიმართ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.