თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე საქართველოში ინვესტიციების გაზრდის საკითხები განიხილეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განსაკუთრებით აქტუალური იყო საქართველოს საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმებსა და იმ საკითხებზე საუბარი, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.

შეხვედრა სასტუმრო "ტიფლის პალასში" გაიმართა და მას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუ და ოთხმოცამდე ბიზნეს-კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ის არის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის, თურქეთიდან ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად არის მილიონ ორასი ათას ადამიანზე მეტი. დღეს ჩვენ ვხვდებით თურქ ბიზნესმენთა ასოციაციას და გვინდა, არაფორმალურ გარემოში, გულწრფელად ვისაუბროთ იმაზე, როგორ წავახალისოთ კიდევ უფრო კომპანიები, რომ მათ განახორციელონ ახალი ინვესტიციები საქართველოში" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოსთან ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქენან. ო. ილდირიმმა. მისი განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შორის ძალიან წარმატებული სავაჭრო ურთიერთობებია და არსებობს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა საქართველოში ინვესტიციების გაზრდის. "დღევანდელი შეხვედრაში მონაწილეობს დაახლოებით ოთხმოცი ფირმა, უმეტესობა არის ერთობლივი ქართულ-თურქული კომპანია. ურთიერთგაგებით ვისაუბრებთ სხვადასხვა საკითხებზე და მე მგონი, კარგი შედეგიც გვექნება. მოგეხსენებათ, მთელს რეგიონში არის გლობალური კრიზისი, ეს შეიმჩნევა არა მარტო საქართველოში, არამედ ასევე რუსეთში, აზერბაიჯანში, თითქმის თურქეთშიც და ესეც არის ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა", - აღნიშნა ქენან. ო. ილდირიმმა.

შეხვედრის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმაც. მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 270 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა თურქეთიდან საქართველოში და ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული იყო 2014 წელი.

ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია 1999 წელს შეიქმნა და დღეისთვის ოთხმოცამდე ბიზნეს-სუბიექტს აერთიანებს. ასოციაცია აქტიურად არის ჩართული საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებების განვითარების პროცესებში. ასოციაციის წევრი კომპანიები, რომელთა შორის არის ერთობლივი საწარმოებიც, საქართველოში ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ.