საქართველოს რამდენი მოქალაქე დარჩა ევროპაში არალეგალურად - ევროკომისიის ანგარიში და რეკომენდაციები თბილისს

ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიმოხილვის მეხუთე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა საქართველოსაც.

ევროკომისიის თანახმად, ქვეყანა რიგ საკითხებში განვითარდა, წევრების კოოპერაცია უსაფრთხოების კუთხით კარგია, გრძელდება ბრძოლა კორუფციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და ტერორიზმთან, თუმცა საქართველოს სავიზო პოლიტიკა კვლავ არაა თანხვედრაში მესამე ქვეყნების ჩამონათვალთან, რომელთა მოქალაქეებსაც სჭირდებათ ვიზა ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. ამ კუთხით ქვეყანას 2021 წელს პროგრესი არ ჰქონია. კვლავ პრობლემად რჩება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, 2020 წლის ანალოგიურად, 2021 წელსაც ქართველების მიერ საზღვრის 30 არალეგალური გადაკვეთა დაფიქსირდა. გარდა ამისა, 2021 წელს იმ ქართველების რაოდენობამ, რომლებიც წევრ ქვეყნებში არალეგალურად დარჩნენ 13,000 შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 28%-ით მეტია, შესვლაზე უარი კი საქართველოს 3,105 მოქალაქეს ეთქვა, რაც 50%-ით გაზრდილი მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით.

ევროკავშირი საქართველოს რეკომენდაციებსაც აძლევს, რომელთა ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ევროკავშირის სიასთან, რომელშიც გაწერილია ის მესამე ქვეყნები, რომლებიც სავიზო რეჟიმს ექვემდებარებიან. განსაკუთრებით კი ისეთ სახელმწიფოებთან მიმართებით, რომლებიც არალეგალური მიგრაციისა და უსაფრთხოების მაღალ რისკებს შეიცავენ ევროკავშირისთვის.

2. უნდა გაგრძელდეს თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განცხადებების განხილვა, უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიების მორგება შესაბამისი პროფილის მქონე მიგრანტებისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც იმაზე მეტი ხნით რჩებიან ქვეყანაში, ვიდრე ამის უფლება ჰქონდათ მინიჭებული.

3. უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს ძალისხმევა კორუფციის დასაძლევად, გარანტირებული იქნეს ანტიკორუფციული სამსახურების დამოუკიდებლობა, კოორდინაცია და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა.

4. ფულის გათეთრების და ტერორიზმის საწინააღმდეგო აქტივობების დაფინანსების მიმართულებით უნდა დასრულდეს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანა.

5. უნდა გაძლიერდეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, განსაკუთრებით იმ დაჯგუფებების მიმართ, რომლებიც ევროკავშირისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

6. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სრულ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და შემუშავდეს კანონმდებლობა, რომელიც შეაფასებს სასამართლოს საქმიანობასა და მოსამართლეების კეთილსინდისიერებას.

7. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მონაცემთა დაცვის სამსახურის სრული დამოუკიდებლობა.

კახი ჩაკვეტაძე