საქართველოში ფინანსურ ორგანიზაციებს მომხმარებელთა სანქციადაკისრებულ პირთა სიებში გადამოწმება მოუწევთ

საქართველოში ფინანსურ ორგანიზაციებს მომხმარებელთა სანქციადაკისრებულ პირთა სიებში გადამოწმება მოუწევთ. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებებშია აღნიშნული.

კერძოდ, ბრძანების თანახმად, ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ პროგრამული (ელექტრონული) სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების (მათ შორის, დანაწევრების) გამოვლენას და პირების ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში.

იმ შემთხვევაში თუ საფინანსო ინსტიტუტის აღნიშნული სისტემა, არ ექნება ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით იფუნქციონირებს, სებ-ის მიერ სოლიდური ფინანსური სანქციაა გათვალისწინებული.

კერძოდ, მსგავსი დარღვევის შემთხვევაში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები - 10 ათასი, ბანკები - 20 ათასი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები - 20 ათასი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი - 15 ათასი, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები - 10 ათასი და სესხის გამცემი სუბიექტები - 15 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

თაია არდოტელი