2020-2022 წლებში სახელმწიფო გრანტი ემიგრაციიდან დაბრუნებულმა საქართველოს 600-მდე მოქალაქემ მიიღო

2022 წელს სახელმწიფო გრანტი საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულმა 200 მიგრანტმა მიიღო, 2020-2022 წლებში, ჯამში კი 600-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში განუცხადეს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტები გრანტს განცხადების გაკეთების საფუძველზე იღებენ, რეგისტრაცია კი წელიწადში 2-ჯერ ცხადდება.

მათივე ცნობით, ყოველწლიურად სააგენტოში დაახლოებით, 400 განაცხადი შედის, საიდანაც საშუალოდ, 50% ფინანსდება, რადგან განაცხადების გარკვეული ნაწილი განსაზღვრულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

„დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება წლის განმავლობაში ორ ეტაპად ცხადდება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს (საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტი ვადით იმყოფებოდნენ და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.

განაცხადის შევსების შემდგომ, დაბრუნებულ მიგრანტებს, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, მონიტორინგის ჯგუფები ადგილზე ამოწმებენ. მონიტორინგის მიერ მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად კომისიას წარედგინება. საბოლოო გადაწყვეტილება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად მიიღება, როგორებიცაა მაგალითად, მიგრანტის სოციალური მდგომარეობა, წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შესაძლებლობები და სხვ.

საქმიანობის გაფართოებისა და წამოწყებისთვის საჭირო ტექნიკასა თუ ინვენტარს დაბრუნებული მიგრანტები თავად არჩევენ. მაგალითისთვის, სააგენტო მიგრანტებს მინი ტრაქტორებს და სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის დანადგარებს, მომსახურების სფეროსთვის საჭირო სხვადასხვა ნივთებსა და სახელობო იარაღებს შეუსყიდის,“ - აღნიშნულია სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს.

„სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში, მწვავე ქრონიკული დაავადების ან გადაუდებელი საჭიროების მქონე მოქალაქეებს, 1000 ლარის ფარგლებში, მათთვის საჭირო სერვისი ან მედიკამენტები უფინანსდებათ.

რაც შეეხება საცხოვრებელს, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო დაბრუნებულ მიგრანტებს დროებითი საცხოვრებლით (დაახლოებით ერთი კვირის ვადით) უზრუნველყოფს, რაც უმეტესად დეპორტაციის შემთხვევებში გამოიყენება.

პროფესიული განათლების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფოს სააგენტოსთან, სადაც დაბრუნებულ მიგრანტებს კონსულტაციას უწევენ და მათი ინტერესების გათვალისწინებით, პროფესიული განათლების სხვადასხვა ალტერნატივას სთავაზობენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებით, სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფოს პროგრამის მთავარი მიზანია, რომ ერთი მხრივ, სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა პირველადი საჭიროებები დააკმაყოფილოს და მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს მათი რეინტეგრაციის პროცესს. პროგრამა მცირე გრანტების საშუალებით, ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს მხარს უჭერს საკუთარი საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში, რაც მათი შემოსავლის ზრდაზე აისახება და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის დატოვებისა და საზღვარგარეთ არალეგალურად მუშაობის რისკს ამცირებს.

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამის ფარგლებში, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, 650 000 ლარი გამოიყოფა.