გერმანულ მატარებლებში მგზავრებს ყავას ფაიფურის ჭიქებში შესთავაზებენ

გერმანიის უმსხვილესმა სარკინიგზო კომპანია Deutsche Bahn-მა გამოაცხადა, რომ ნარჩენების შემცირების გეგმის ფარგლებში, 2023 წლიდან თავის მგზავრებს ყავას ქაღალდის ჭიქებთან ერთად ფაიფურის ჭიქებშიც შესთავაზებს. Deutsche Bahn-ის განცხადებას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საკვებისა და სასმელის შეკვეთის დროს მგზავრები შეძლებენ, მიწოდება „მაღალი ხარისხის ფაიფურის ან მინის ჭურჭლით მოითხოვონ.“ კომპანიის ცნობით, „მრავალჯერადი ჭურჭელი უფასოა, არ საჭიროებს წინასწარ გადახდას და ბისტროვაგონში ყველა შეკვეთისთვის იქნება ხელმისაწვდომი.“ ადრე მსგავს სერვისს მხოლოდ ვაგონრესტორნებსა და პირველი კლასის ვაგონებში სთავაზობდნენ.

ამასთან, პლასტმასისა და მუყაოს ჭიქები, ასევე, დანა-ჩანგალი სერვისიდან არ მოიხსნება და მგზავრების მოთხოვნის მიხედვით კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.

Deutsche Bahn-ში, ასევე, აცხადებენ, რომ მარტიდან მენიუ შეცვალეს და მასში 50%-ზე მეტი ადგილი ვეგანურმა და ვეგეტარიანულმა კერძებმა დაიკავა. კომპანია მიზნად ისახავს, 2040 წლისთვის ნახშირბადნეიტრალიტეტს მიაღწიოს.

ნოემბრის დასაწყისში Deutsche Bahn-მა თანამშრომლებისთვის სქესის მიხედვით უნიფორმის ტარების პირობა გააუქმა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ