ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი ქვეყანა ერთმანეთისგან გაყო.“

კერძოდ, რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე გერმანია, გაზის ფასზე რაიმე ლიმიტის დაწესებას ეწინააღმდეგება. გერმანული მხარე აცხადებს, რომ ამან შესაძლოა, მიწოდების უზრუნველყოფა გაართულოს, ხოლო ბელგია, იტალია და პოლონეთი, პირიქით, მიიჩნევენ, რომ ეს მომხმარებლებსა და ეკონომიკას ენერგიაზე მაღალი ფასების შოკისგან დაიცავს. გერმანია პოზიციას არ იცვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმებას შესაძლოა, 13 დეკემბრის შეხვედრაზეც ვერ მიაღწიონ და 19 დეკემბერს მორიგი შეხვედრა გახდეს საჭირო.

Reuters წერს, რომ ჩეხეთის ახალი ფასი 22 ნოემბერს შეთავაზებულ ფასზე 55 ევროთი ნაკლებია. როცა მეგავატსაათის ზღვრულ ფასად 275 ევრო (1000 მ³-ზე 2901 ევრო) დასახელდა. მაშინ აღნიშნული ოდენობა „ზედმეტად მაღალ“ ფასად შეფასდა.

აგვისტოში გაზის ღირებულება 1000 მ³-ზე, თითქმის, 3600 დოლარამდე გაიზარდა, მოგვიანებით კი დაეცა და 6 დეკემბრის მდგომარეობით მან 1000 მ³-ზე 1400 დოლარი შეადგინა.

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რვა თვეში ევროკავშირმა რუსული გაზი ორი მესამედით ჩაანაცვლა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ