ირანულ დრონებზე წვდომა, 200-მდე რუსი ფიზიკური და იურიდიული პირი, 3 რუსული ბანკი და 4 ტელეარხი - ევროკომისიამ სანქციების მე-9 პაკეტი გაასაჯაროვა

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი წარადგინა. Twitter-ის გვერდზე მან დაწერა, რომ მეცხრე პაკეტი შესაძლოა, მომავალი კვირის ბოლომდე დამტკიცდეს. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

„სანქციების არსებული მე-8 პაკეტი, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ, უკვე ძლიერ იკბინება,“ - წერს ფონ დერ ლაიენი.

მისი თქმით, ახალი სანქციების ქვეშ 200-მდე რუსი ფიზიკური და იურიდიული პირი, ასევე, სამი რუსული ბანკი მოექცევა. ამასთან, პაკეტის მიღების შემთხვევაში სანქციები რუსეთს პოტენციური მიმწოდებლებისგან, მაგალითად, ირანისგან უპილოტო თვითმფრინავების შესყიდვაზე წვდომას შეუზღუდავს. ევროკავშირი, ასევე, დანერგავს მაკონტროლებელ ზომებს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტზე, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იყენებს.

გარდა ამისა, ბლოკის სანქციების ქვეშ ოთხი რუსული ტელეარხი მოხვდება, რომლის ფარგლებშიც შეთავაზებულია ეთერიდან მათი გათიშვა. ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის ენერგეტიკისა და სამთომომპოვებელი სექტორის წინააღმდეგ დამატებითი ეკონომიკური ზომების ინიციატივითაც გამოდის, თუმცა ამ ზომების დეტალები, ასევე, ბანკებისა და ტელეარხების სახელები მას არ დაუკონკრეტებია.

ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტში მოცემულია საკანონმდებლო ბაზა რუსული ნავთობის ზღვით მიწოდების ფასების შეზღუდვისთვის. ზღვრული ფასი ძალაში 5 დეკემბრიდან შევიდა. ამასთან, მე-8 პაკეტში სანქციებს 30 ადამიანი დაექვემდებარა. ბლოკმა, ასევე, გააფართოვა აკრძალვა ფოლადის პროდუქტების, მანქანების, ქიმიკატების, პლასტმასისა და სიგარეტის მიწოდებაზე. აიკრძალა რუსეთისთვის სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის, სამხედრო მანქანებისა და აღჭურვილობის მიყიდვა, რუსული IT კომპანიების საინჟინრო-იურიდიულ მომსახურება.

მე-8 პაკეტი, ასევე, კრძალავს რუსეთის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის ევროპაში კრიპტოსაფულეების გახსნასა და მომსახურებას.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ