"საქსტატის" ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9%-ით შემცირდა

"საქსტატის" ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9%-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2015 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1433 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9%-ით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 324 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (26%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1109 მლნ აშშ დოლარს (2%-ით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-თებერვალში 786 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55% შეადგინა.

2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 385 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 %-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 108 მლნ აშშ დოლარი იყო (9%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 277 მლნ აშშ დოლარი (6%-ით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27% შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში - 33% და იმპორტში - 25% (2014 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად, 25, 22 და 26 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 22% (2014 წლის იანვარ-თებერვალში 28%).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-თებერვალში 429 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვართან შედარებით 23 %-ით ნაკლები). აქედან ექსპორტი 110 მლნ აშშ დოლარი (53 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 319 მლნ აშშ დოლარი იყო (1 %-ით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 30% იყო, მათ შორის, ექსპორტში 34% და იმპორტში 29% (2014 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად, 35, 53 და 28 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-თებერვალში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 27% (2014 წლის იანვარ-თებერვალში 13 პროცენტი).

2015 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (224 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (147 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (112 მლნ აშშ დოლარი). სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-თებერვალში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, 41 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 13% შეადგინა. თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტიც 41 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 13%-ს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფმა გადმოინაცვლა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 34 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 11% შეადგინა.

საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-თებერვალში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 102 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9% შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 88 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8% იყო. მესამე ადგილზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 77 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7%).