საფრანგეთმა უკრაინას 100 გენერატორი გადასცა

საფრანგეთმა უკრაინას, ქვეყნის ენერგოსექტორის მუშაობის გასაძლიერებლად, 100 გენერატორი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინას ზამთრის სეზონისთვის საშუალო სიმძლავრის 100 გენერატორი გადაეცა“, - აცხადებენ უწყებაში.

შესაბამისი ტექნიკის საფრანგეთიდან უკრაინაში გაგზავნა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის დახმარებით განხორციელდა.

შეგახსენებთ, უკრაინაში, რუსეთის მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაბომბვის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით გაჩენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ევროპამ კამპანია „იმედის გენერატორები“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას გენერატორებით დაეხმარებიან.