სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი დალუქა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი დალუქა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტი დაჯარიმდა და საქმიანობის უფლება შეუჩერდა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია თევზის შესაბოლი საწარმო შპს „ემი“( ს/კ 400254087, მისამართი: რუსთავის გზატკეცილი N 22), რომელიც უკანონოდ, ბიზნესოპერატორის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობდა. შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ, განადგურების მიზნით, დაილუქა 1166 კილოგრამი თევზი (სკუმბრია შებოლილი 320 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები შებოლილი 19 კგ, სკუმბრია დამარილებული 720 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები 107 კგ).

ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები. ობიექტი დაჯარიმდა და საქმიანობის უფლება შეუჩერდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.