რუმინეთი და ბულგარეთი კვლავ შენგენის მიღმა დარჩნენ

ავსტრიამ და ჰოლანდიამ რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის ზონაში გაწევრიანების მოთხოვნა დაბლოკეს. შედეგად, ეს ორი ქვეყანა კვლავ უპასპორტო ზონის მიღმა დარჩნენ.

ხორვატიამ კი ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო, შესაბამისად, შენგენის ზონას ის 2023 წლის იანვრიდან შეუერთდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

კენჭისყრა ბრიუსელში ხუთშაბათს ნაშუადღევს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს გაიმართა.

„რუმინეთი და ბულგარეთი ასრულებენ ყველა მოთხოვნას. ისინი ამ დღეს დიდი ხანია ელოდებოდნენ. ბულგარეთისა და რუმინეთის მოქალაქეები იმსახურებენ შენგენის ზონის წევრობას", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ევროკომისარმა საშინაო საკითხებში ილვა იოჰანსონმა.

ნეგატიური დასკვნა, მტკივნეულ პოლიტიკურ მარცხს წარმოადგენს როგორც რუმინეთისთვის, ასევე ბულგარეთისთვის, რომლებიც ევროკავშირს ხორვატიამდე ექვსი წლით ადრე შეუერთდნენ.

შენგენის შეთანხმება გაძლევთ საშუალებას გადაკვეთოთ წევრი ქვეყნების საზღვრები პასპორტისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე. ის ამჟამად უკვე 27 ქვეყნისგან შედგება, მათ შორის ევროკავშირის 22 სახელმწიფოსგან.

ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ირლანდიას და კვიპროსს, რომელიც ჯერ კიდევ ჩრდილოეთ და სამხრეთად იყოფა, შენგენის ზონაში შესვლისთვის განაცხადი არ გაუკეთებიათ.

ეკა დარჩიაშვილი