მანიფესტი გენდერულად დაბალანსებული ანგელოზ ინვესტირებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ქალების მართული სტარტაპები წარმატების უფრო მაღალ მაჩვენებელს ავლენენ, ისინი მაინც წარმოადგენენ მთლიანი საინვესტიციო კაპიტალის მხოლოდ 1%-ს - ამის შესახებ ინფორმაციას სტარტაპ ბიურო ავრცელებს.

„წარმატებული და პასუხისმგებლიანი ანგელოზ ინვესტირების ხელშეწყობა 1999 წლიდან EBAN-ის იდენტობას განსაზღვრავს და ჩვენი ყოველი ნაბიჯი სწორედ ამ მისიის შესრულებას ემსახურება. ჩვენი ასოციაციის მთავარი ღირებულება საინვესტიციო და სამეწარმეო ეკოსისტემაში მრავალფეროვნების წახალისებაა.

უახლესი პანევროპული ანგარიში ცხადყოფს, რომ მიუხედავად მუდმივი ძალისხმევისა, ევროპაში, ანგელოზ ინვესტირებაში ქალების პროცენტული წილი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დაახლოებით, 10%-ზეა სტაგნირებული. მიუხედავად იმისა, რომ ქალების მართული სტარტაპები წარმატების უფრო მაღალ მაჩვენებელს ავლენენ, ისინი მაინც წარმოადგენენ მთლიანი საინვესტიციო კაპიტალის მხოლოდ 1%-ს.

იმის გათვალისწინებით, რომ გენდერულად დაბალანსებული საზოგადოების უპირატესობებს არაერთი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს და გენდერული თანასწორობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ერთ-ერთს წარმოადგენს, EBAN იღებს ვალდებულებას, ქალების წარმომადგენლობა ჩვენს ეკოსისტემაში გასამმაგდეს. ამისთვის ანგელოზ საინვესტიციო საზოგადოებას მოვუწოდებთ, გადადგან ნაბიჯები შემდეგი სამი მიმართულებით:

ევროპაში ქალ ანგელოზ ინვესტორთა რიცხვის 3-ჯერ გაზრდა

ჩვენ ვიმუშავებთ ბიზნეს ანგელოზების ქსელებთან ევროპის მასშტაბით, რათა ქალი წევრების საშუალო მაჩვენებელმა 2030 წლისთვის 30%-ს მიაღწიოს. მხარს დავუჭერთ, შთავაგონებთ, გავაძლიერებთ და ცნობიერებას გავუზრდით ჩვენს ქსელებსა და წევრებს მეტი ინკლუზიურობის მისაღწევად და გავაერთიანებთ ძალებს არსებულ ინიციატივებთან, რათა მივწვდეთ უფრო ფართო საზოგადოებასაც.

ინვესტიციების რაოდენობის გაზრდა ქალ მეწარმეებში

ჩვენ მოვუწოდებთ ცალკეულ ანგელოზებსა და მთლიანად ადრეული ეტაპის საინვესტიციო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ გენდერულად მეტად დაბალანსებული, მდგრადი და ინოვაციური პორტფელების შექმნას, 2030 წლისთვის თავიანთი კაპიტალის მინიმუმ 30%-ის ინვესტირებით ქალთა მიერ მართულ სტარტაპებში.

ქალ მეწარმეებში მეტ ინვესტირებას შეუძლია მოიტანოს დამატებითი სარგებელი და მისცეს მეტი შესაძლებლობა მომავალი თაობის ქალ ბიზნეს ანგელოზებს.

ბორდებში ქალების რაოდენობის გაზრდა

EBAN-ს ქალის ხელმძღვანელობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და მის საბჭოშიც ქალები საშუალოზე მაღალი პროცენტულობით არიან წარმოდგენილები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას საკუთარ ორგანიზაციაში, გავაძლიერებთ ჩვენს წევრებს, რომ მათაც გაზარდონ ინკლუზიურობის მაჩვენებელი და შთავაგონებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ გაზარდონ გენდერული მრავალფეროვნება საკუთარ პორტფელებში, კომპანიების საბჭოებსა და სტრატეგიულ კომიტეტებში.

ამ მანიფესტით, EBAN იღებს ინიციატივას, შექმნას გენდერულად ინკლუზიური ევროპული საინვესტიციო და ინოვაციების ეკოსისტემა, რაც მას უფრო ძლიერს, ჯანსაღს, სამართლიანსა და მდგრადს გახდის.

ვიწვევთ ორგანიზაციებს ჩვენს ქსელსა და მის ფარგლებს გარეთ, რომ შემოგვიერთდნენ ამ უმნიშვნელოვანეს წამოწყებაში: მოაწერეთ ხელი ამ მანიფესტს, რათა გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა და მზაობა, რომ შეიტანთ მნიშვნელოვან ცვლილებებს თქვენს ორგანიზაციასა და საზოგადოებაში ყველა ჩვენგანის სასიკეთოდ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

“Axel-ი, მთელი მისი გუნდით, სრულად იზიარებს EBAN-ის ხედვებს გენდერულად ინკლუზიური საინვესტიციო და ინოვაციური ეკოსისტემების შესახებ. საქართველოში, სფეროს განვითარებასთან ერთად, იმატებს ქალ დამფუძნებელთა რაოდენობა კომპანიებში, ქალ ინვესტორთა რაოდენობა - ქსელებში, ქალთა რაოდენობა კომპანიათა საბჭოებში. ამ პროცესს, ბუნებრივია, სჭირდება წახალისება ჩვენი მსგავსი ორგანიზაციების მხრიდან. სწორედ ამის შედეგებს ვხედავთ Axel-ში ყოველდღიურად - იზრდება ქალის მიერ მართული სტარტაპების მომართვიანობა, ჩვენს ყოველთვიურ საინვესტიციო შეხვედრებზე იმატებს როგორც ქალ დამფუძნებელთა, ისე ქალ ინვესტორთა რიცხვი,“ - ირო ცაგარეიშვილი, აქსელის მმართველი დირექტორი.