საქართველოში აუნაზღაურებელი საოჯახო მომსახურებაზე ქალები კაცებზე  თითქმის 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ

საქართველოში აუნაზღაურებელი საოჯახო მომსახურებაზე ქალები კაცებზე თითქმის 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დროის გამოყენების გამოკვლევაში.

ცნობისათვის, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში საქართველოში პირველად ჩაატარა დროის გამოყენების გამოკვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოში დროის გამოყენების შესახებ სტატისტიკურად სანდო და საერთაშორისო დონეზე შესადარისი მონაცემების მიღება, გენდერული სტატისტიკის გაუმჯობესება, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მაჩვენებლების გაანგარიშება და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართული პოლიტიკის ინფორმირება.

გამოკვლევის შედეგად შეგროვდა მონაცემები მოსახლეობის მიერ სხვადასხვა აქტივობაზე დახარჯული დროის შესახებ, მათ შორის, ანაზღაურებად და აუნაზღაურებელ შრომაზე, საოჯახო და ზრუნვის საქმიანობებზე, სწავლაზე, დასვენებაზე, სოციალიზაციაზე, მგზავრობაზე და ა.შ.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს ხარჯავს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე, 4.2 საათს - კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, 2.6 საათს - დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე, 2.1 საათს - შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ საოჯახო მომსახურებაზე, 1.4 საათს - სოციალიზაციაზე, კომუნიკაციაზე, სათემო და რელიგიურ აქტივობებში მონაწილეობაზე, 0.9 საათს - საკუთარი საბოლოო მოხმარებისთვის პროდუქციის წარმოებაზე, 0.6 საათს - შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ ზრუნვის მომსახურებაზე, 0.3 საათს - სწავლაზე, ხოლო 0.1 საათს - სტაჟირებაზე, მოხალისეობრივ და სხვა სახის აუნაზღაურებელ შრომაზე.

აქტივობებზე დახარჯული დროის მიხედვით, ყველაზე დიდი განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის შეინიშნება აუნაზღაურებელი საოჯახო მომსახურების შემთხვევაში, რომელზეც ქალები, კაცებთან შედარებით, დღეში 4.9-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ. დასაქმებისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების შემთხვევაში კი სურათი საპირისპიროა - კაცების მიერ დახარჯული საშუალო დრო 1.9-ჯერ აღემატება ქალების ამავე მაჩვენებელს.

ინფორმაციისთვის, გამოკვლევისათვის, ქვეყნის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 680 შინამეურნეობა შეირჩა. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღეს 15 წლისა და უფროსი ასაკის პირებმა, რომლებიც დროის გამოყენების დღიურებში 10 წუთიანი ინტერვალით აღწერდნენ მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებს წინასწარ დადგენილი სრული ორი დღისთვის.

თამარ მუკბანიანი