„არ შეიძლება 1-ოთახიანი ბინის გაქირავება ნუცუბიძეზე 1,500 დოლარი ღირდეს“ - უძრავი ქონების ასოციაცია

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე, ვაჟა მებაღიშვილი ამბობს, რომ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში, ღირებულება ხარისხის შესაბამისი არაა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„აწეულ ფასს, ხშირად, ხარისხი ვერ მიყვება, გუშინ შევხვდი ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დიპლომატის მეუღლეს და ისიც აღშფოთებული იყო, რომ ამ ფასად სხვა ქვეყანაში სასახლეს ვიქირავებდიო და რატომ ვერ ხერხდება რეალური ფასის დაწესებაო.

მესაკუთრეებს ვურჩევდი, რომ დაეხვეწათ საკუთარი ქონება და მოეყვანათ იმ კონდიციაში, რომ რეალურად ღირდეს ის ფასი, რასაც ითხოვენ. ეს მათთვისაც მომგებიანი იქნება სამომავლოდ და არც რეპუტაციის კუთხითაა კარგი. არ შეიძლება 1-ოთახიანი ბინის გაქირავება ნუცუბიძეზე ღირდეს 1,500 დოლარი, ძალიან მაღალი ფასია და ამით დისკრიმინირებული საქართველოს მოქალაქეები რჩებიან - გვახსოვს, ხომ, ჩამოდიოდნენ სტუდენტები და ვეღარ ქირაობდნენ, რადგან ფასები სრულიად აცდენილი იყო“, - ამბობს მებაღიშვილი.

ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, უძრავ ქონებაზე ფასები ახლა 70-75%-ითაა მომატებული. მებაღიშვილი არ მოელის, რომ მომავალი წლიდან უძრავ ქონებაზე ფასები კლებას დაიწყებს, რადგან ომის გამო ქვეყანაში შემოდინება და შესაბამისად, მოთხოვნაც მაღალ დონეზე დარჩება.

„ფასები 70-75%-ითაა გაზრდილი და როგორც გაიზარდა პირველი ტალღის დროს, დარჩა ისევე. მნიშვნელოვანია, რომ ამას ხელი არ შეუწყოს მედიამაც. რთულია იმის პროგნოზირება, ფასები დაეცემა თუ არა, თუმცა ვერ ვხედავ, რომ კლების მოლოდინი იყოს. წლებია, ამ ბიზნესში ვარ და არ მახსენდება, რომ ფასი დაცემულიყოს უძრავ ქონებაზე, კოვიდის რთულ პერიოდშიც კი არ ყოფილა ვარდნა. სამშენებლო მასალების ფასის ზრდა და ლიმიტირებული რაოდენობა, ცხადია, აძვირებს უძრავ ქონებას.

ვხედავთ, რომ ომი არ მთავრდება და სიტუაცია მარტივად ვერ დამშვიდდება, რადგან კვლავ იქნებიან ადამიანები, ვისაც ექნებათ სურვილი ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ, იქნება მოთხოვნა, ლიმიტირებულია უძრავი ქონება და შესაბამისად, არ მგონია, რომ ფასების კლება დაიწყოს. პირველი ტალღის დროს რუსი მიგრანტები 1-2 თვიანი ხელშეკრულებებს დებდნენ, ეგონათ, მალე ჩაივლიდა ეს ყველაფერი, მეორე ტალღის დროს 6-თვიანზე, შემდეგ კი ერთ წლიან კონტრაქტებზე გადავიდნენ და კიდევ აპირებენ გაგრძელებას“, - განაცხადა მებაღიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

კახი ჩაკვეტაძე