საქართველო ნაკლებად ბედნიერ ქვეყნებს შორის დასახელდა

საქართველო იმ ნაკლებად ბედნიერ ქვეყნებს შორის დასახელდა, სადაც ყოველდღიურად ძალიან ცოტა ადამიანს აქვს პოზიტიური ემოციები.

ბედნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით გასულ კვირას - 20 მარტს აღინიშნა, საერთაშორისო ორგანიზაცია Gullup-მა მსოფლიოს ყველაზე მეტად და ნაკლებად ბედნიერი ქვეყნები დაასახელა. Gullup-ის პოზიტიური ინდექსის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ხალხი ლათინური ამერიკის ქვეყნებში ცხოვრობს.

Gullup-მა მონაცემები 2014 წელს მსოფლიოს 143 ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. მსოფლიოს მასშტაბით გამოკითხვაში მონაწილეთა 70%-ზე მეტმა  აღნიშნა, რომ ისინი დღის განმავლობაში განიცდიან პოზიტიურ ემოციებს, სიხარულს და ხშირად იცინიან. 50%-მა კი განაცხადა, რომ გამოკითხვის წინა დღემ მათთვის საინტერესოდ ჩაიარა, რადგან ისწავლეს ან გააკეთეს რაღაც ახალი და საინტერესო.

გამოკითხვაში მონაწილეებს პასუხი უნდა გაეცათ ხუთ შეკითხვაზე - კარგად დაისვენეთ თუ არა გუშინ? ხომ არ იგრძენით თავი შეურაცხყოფილად? ბევრი იცინეთ თუ არა გუშინ? გააკეთეთ /ისწავლეთ თუ არა რაიმე საინტერესო? ისიამოვნეთ თუ არა?

Gullup-ის მონაცემებით, საქართველოში პოზიტიურობის ინდექსმა 55% შეადგინა, ყველაზე მეტად ბედნიერი ქვეყნების სათავეში მყოფ პარაგვაიში კი მოსახლეობის პოზიტიურობის მაჩვენებელი 89%-ს შეადგენს.

ყველაზე ბედნიერი ქვეყნები

პარაგვაი 

კოლუმბია

ეკვადორი

გვატემალა

ჰონდურასი

პანამა

ვენესუელა

კოსტა რიკა

ელ სალვადორი

ნიკარაგუა

ნაკლებად ბედნიერი ქვეყნები

ავღანეთი

ნეპალი

ლიტვა

საქართველო

ბოსნია და ჰერცოგოვინა

თურქეთი

სერბეთი

ტუნისი

სუდანი