საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა გადამწყვეტია - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და „სოფლის განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმები განიხილებოდა, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს ხელმძღვანელებმა მიხეილ ხიდურელმა და ილია თამარაშვილმა ის მნიშვნელოვანი პროექტები და მხარდამჭერი მექანიზმები წარადგინეს, რომელიც საწარმოებს საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გაფართოებასა და განვითარებაში ხელს უწყობს და შესაბამისად, საინვესტიციო აქტივობის ინტერესს ისეთ კონკრეტულ პროექტებზე ზრდის, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე მაღალრისკიან ინვესტიციად განიხილებოდა. „შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა წარმოებისა და სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, რომელიც ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად არის მიმართული.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო როგორც გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებას, ასევე ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმებს, საკრედიტო-საგარანტიო სქემას, ტექნიკური დახმარების პროგრამებს, აგროდაზღვევასა და სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსებას.

აღინიშნა, რომ მიმდინარეობს საკრედიტო-საგარანტიო სქემების გაფართოება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროექტებზე, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება სოფლის მეურნეობის ისეთი სექტორების განსავითარებლად, სადაც ბაზრის მნიშვნელოვანი წილი, ძირითადად, იმპორტირებულ პროდუქციას უკავია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა სახელმწიფოს მხარდაჭერილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

„წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარება ის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც ეკონომიკური განვითარებისთვის დღეს განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, თუმცა ბიზნეს ოპერატორების მეტი აქტიურობისთვის, კონკრეტულ სექტორებში საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა აუცილებელია. პრობლემა უკავშირდება არა მარტო ტექნოლოგიურ სიახლეებს, რომელთა ათვისებას შესაბამისი კომპეტენციის სამუშაო ძალა ესაჭიროება, არამედ ბოლო პერიოდში უპრეცედენტოდ გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს, რაც ფინანსურ რესურსებზე წვდომას აფერხებს. შესაბამისად, ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების გასაზრდელად და საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს ჩართულობა და მხარდაჭერა გადამწყვეტია,“ - განაცხადეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.