თურქეთი დაუზღვეველ ნავთობტანკერებს მარმარილოს ზღვიდან უკან გააბრუნებს

თურქეთის ხელისუფლება შეიმუშავებს გეგმას მარმარილოს ზღვიდან ნავთობტანკერების უკან გასაყვანად, რომლებსაც სადაზღვევო სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნიათ. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს საზღვაო საქმეთა მთავარი სამმართველოს განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Day.Az თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მომზადებულია გეგმა ნედლი ნავთობის გადამზიდავი და სადაზღვევო დოკუმენტების არმქონე გემების გასაყვანად, რომლებიც მარმარილოს ზღვაში დგანან და დარდანელის სრუტის გავლას აპირებენ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრომ, ასევე, გააკრიტიკა სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც ნავთობტანკერებს შესაბამის დამადასტურებელ წერილს არ აძლევენ. სამინისტრო აცხადებს, რომ თურქეთის ხელისუფლება ნავთობტანკერებისგან სადაზღვევო დოკუმენტებს მომავალშიც მოითხოვს და მათ გარეშე ბოსფორსა და დარდანელში გემებს არ გაატარებს. ამას ითვალისწინებს ნედლი ნავთობის გადამზიდავი ტანკერებისთვის სრუტეებში გასასვლელი დამატებითი სადაზღვევო მოთხოვნები, რაც თურქეთმა 1-ლი დეკემბრიდან შემოიღო.

კერძოდ, თურქეთის ხელისუფლება ითხოვს სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულ წერილს, რომელიც გემისთვის P&I-დაზღვევის (Protection and Indemnity Insurance) მინიჭებას ადასტურებს. ეს სერვისი მესამე მხარის, გარემოს ან ტვირთის დაზიანებას, ასევე, დაჯარიმებული გემებისთვის თანხის გადახადას ითვალისწინებს. თურქეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ სანავიგაციო გეგმის ანგარიშს, ანუ SP1-ს თან ახლდეს სადაზღვევო კომპანიის წერილი, რომელშიც გემი, ტვირთი და რეისი, ასევე, მათი P&I-სერვისით დაზღვევა დეტალურად არის აღწერილი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ