„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” - მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიწყოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების ეფექტური გამოძიება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიწყოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების ეფექტური გამოძიება, ამასთან, გააძლიეროს საზედამხედველო ინსტიტუციების, პირველ რიგში კი, პარლამენტის როლი.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” გასულ წელს წერდა, რომ ქმედითი ნაბიჯების გარეშე კორუფციის ზრდა იყო მოსალოდნელი, რაც ქვეყანას სულ უფრო მეტ ზიანს მოუტანდა, მათ შორის, მეტ წინაღობას შეუქმნიდა მის დემოკრატიულ განვითარებას. სამწუხაროდ, სწორედ ასეც მოხდა.

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემულ 12 რეკომენდაციაში მაღალი დონის კორუფციის საკითხის მოხვედრა ბოლო წლებში ამ პრობლემის გაღრმავების შედეგია; სწორედ ამიტომ დასახელდა კორუფციასთან ბრძოლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუტის მიღების ერთ-ერთ მკაფიო წინაპირობად.

ამ რეალობის გათვალისწინებითაც კი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა კორუფციის მხრივ ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების, მაღალი დონის კორუფციისა და სახელმწიფოს მიტაცების დასაძლევად.

პირიქით, ქვეყანაში გრძელდება კლეპტოკრატიის ჩამოყალიბება, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე. სულ უფრო იზრდება გამოუძიებელი სავარაუდო მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების რაოდენობა.

პარალელურად მიმდინარეობს კლეპტოკრატიისთვის დამახასიათებელი პროცესები, როდესაც აშკარად ხელოვნურად ხდება პოლარიზაციის გაღრმავება, საზოგადოების დაყოფა, ოპოზიციური ჯგუფების დანაწევრება და შეტევა მედიასა და სამოქალაქო სექტორზე“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ განცხადებით, კვლავაც სახეზეა სახელმწიფოს მიტაცება და არ ჩანს პოლიტიკური ნება ამ პროცესის შესაჩერებლად.

„შედეგად, ქვეყანაში აღარ რჩება დამოუკიდებელი ინსტიტუციები, მაგალითად: ახალი გენერალური აუდიტორის დანიშვნით გაჩნდა ეჭვი, რომ სახელმწიფოს ფინანსების გაკონტროლება შესაძლოა გართულდეს, ხოლო მმართველი პარტიის განცხადებები ასევე მიანიშნებს, რომ მათი სურვილი ამ ეტაპზე დამოუკიდებელი სახალხო დამცველის დანიშვნა არ არის. ამას ემატება სუსტი პარლამენტი, რომელიც ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ საზედამხედველო ფუნქციებს, რაც კარგად გამოჩნდა ისეთ კრიზისულ სიტუაციებში, როგორიც იყო კოვიდ პანდემია.

ამ და სხვა მიზეზების გამო საქართველოს ქულა “კორუფციის აღქმის ინდექსში” (CPI) ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, რაც კორუფციასთან ბრძოლის შეჩერებაზე მიანიშნებს, რადგან სიღრმისეული რეფორმების ჩატარების შემთხვევაში გაცილებით დიდი წინსვლა იქნებოდა. შედარებით მაღალი ქულა წლების წინ, დაბალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ჩატარებული წარმატებული რეფორმების შედეგად ნარჩუნდება.

2020 წლის შემდეგ თითქმის ყველა ანტიკორუფციული რეფორმის პროცესი შეჩერებულია: ქვეყანას მეორე წელია არ გააჩნია ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; გამოტოვა “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამოქმედო გეგმის ბოლო 2 წლიანი ციკლი; და, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ამ დრომდე არ დაუდასტურებია “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის” (OECD/ACN) ანტიკორუფციული გარემოს შეფასებაში მონაწილეობის მიღება.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

დაიწყოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების ეფექტური გამოძიება.

გააძლიეროს საზედამხედველო ინსტიტუციების, პირველ რიგში კი პარლამენტის როლი.

საშუალება მისცეს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უსაფრთხო გარემოში, თავისუფლად შეასრულონ მათი საზედამხედველო ფუნქცია.

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 12 რეკომენდაციის შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.

მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ პროცესი არ დასრულებულა, ამიტომ აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობამ მიმართოს ევროკომისიას, რათა მიიღოს მისგან უკუკავშირი ამ დრომდე განხორციელებული ცვლილებების შესახებ და მიღებული დაზუსტებების საფუძველზე დაგეგმოს და განახორციელოს რეალური რეფორმები”,- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.