დედაჩემს დამხმარედ ქართველი ქალი ჰყავს და ლეგალურად მუშაობს ისრაელში - მენი ბენიში

საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, მენი ბენიშმა "ბიზნეს პალიტრას" ეთერში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ქართველების ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმების პროცესი უკვე დაწყებულია.

„როგორც მე ვიცი, ხელშეკრულება იყო 500 კაცზე და უკვე შემოვიდნენ ისრაელში ქართველი თანამშრომლები, რომლებიც საავადმყოფოებში მუშაობენ. რამდენი შემოვიდა, ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა ზუსტად ვიცი, რადგან დედაჩემს ჰყავს სახლში დამხმარე ქალი, რომელიც ლეგალურად ჩავიყვანეთ, მუშაობს და ეხმარება მას სახლისა თუ თავის მოვლაში. დროც არ დასჭირდა დიდი, აქ არ ვიცი პროცესი როგორია, თუმცა ისრაელში მარტივად მოხდა ყველაფერი, მოგვაწოდეს რამდენიმე რეზიუმე და ვინც მოგვეწონა, “ზუმით“ გავესაუბრეთ, ეს იყო და ეს“, - ამბობს მენი ბენიში.

კახი ჩაკვეტაძე