ქალაქ ტყიბულის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა

ქალაქი ტყიბულის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაზიფიცირების სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულებას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორის პირველი მოადგილე ანტონ სამსონაძე და "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე დაესწრნენ. ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.

გაზიფიცირების პირველ ეტაპზე, ქალაქ ტყიბულში 900 მ სიგრძის დაბალი წნევის გაზსადენი აშენდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარებას 140 ოჯახი შეძლებს. ქალაქ ტყიბულში გაზიფიცირების პირველ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" შეასრულა. დღეისათვის კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების მიზნით, სამონტაჟო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს.

ასევე, მიმდინარეობს ტყიბულის გაზიფიცირების მეორე ეტაპიც. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება, რის შედეგადაც ბუნებრივი გაზის მიღების შესაძლებლობა დამატებით 5 ათასამდე ოჯახს მიეცემა. ამასთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შეყვანას შეღავათიანი პირობებით სთავაზობენ. მოსახლეობას ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის ღირებულების გადახდა ყოველთვიური 25 ლარიანი შენატანით შეუძლია.