„თუ სწრაფად არ მოხდა საპარკინგე ადგილების გამოყოფა, ყოველი დღე კატასტროფა იქნება სადისტრიბუციო კომპანიებისთვის"

,,თუ სწრაფად არ მოხდა საპარკინგე ადგილების გამოყოფა, ყოველი დღე კატასტროფა იქნება სადისტრიბუციო კომპანიებისთვის. კოლოსალური ჯარიმები იწერება, განსაკუთრებით, უკონტაქტო პატრულის პირობაში" - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს" ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განუცხადა.

მისი თქმით, კარგია რომ თემაზე რეაგირება დაიწყო, თუმცა უნდა მოხდეს პრობლემის მყისიერი გადაწყვეტა.

„წლებია, ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ, თუმცა ჩვენ ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ მას შედეგ დავაყენეთ, რაც საჯარიმო პოლიტიკა შეიცვალა და 10-ის ნაცვლად 50-ლარი გახდა არასწორი დგომისთვის ჯარიმა. გახუთმაგებულმა ჯარიმამ განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნა კერძო მეწარმეებს.

ჩვენ, ვისთანაც შეიძლებოდა, ყველასთან დავამყარეთ კომუნიკაცია. წერილი მივწერეთ მერიას, ეკონომიკის სამინისტროს, ბიზნეს ომბუდსმენს... ყველას, ვისაც შეიძლებოდა. უკუკავშირი იყო მერიის მხრიდან და მოგვთხოვეს იმ კრიტიკული წერტილების გადაგზავნა, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება საპარკინგე ადგილები. ძალიან მოკლე დროში წევრი კომპანიებისგან რისი მოძიებაც შევძელი, გადავუგზავნე. მაგრამ ეს ვერ იქნება საბოლოო, ეს არის პირველი ეტაპი. სამუშაოები უნდა დაიწყოს.

კარგია რომ პროცესი დაიძრა. მოხარული ვარ რომ მერმა მყისიერად დაანონსა, მაგრამ იმედია ახლა ასევე სწრაფად მოხდება ადგილების გამოყოფა. თუ სწრაფად არ მოხდა საპარკინგე ადგილების გამოყოფა, ყოველი დღე კატასტროფა იქნება სადისტრიბუციო კომპანიებისთვის. კოლოსალური ჯარიმები იწერება განსაკუთრებით, უკონტაქტო პატრულის პირობაში. იმას არავინ ამბობს, რომ ჯარიმისგან გვინდა თავის არიდება. უბრალოდ, როცა საპარკინგე ადგილი ფიზიკურად არ არის, კანონდარღვევის გარდა სხვა გზა არ რჩება. დღეში ხშირად 20-30 ობიექტზე უნდა მივიდნენ, საცობების პირობებში ეს ისედაც რთულია და თუ მანქანას ვერ გააჩერებენ, სხვა ადგილას წავლენ, ალბათ, ყველას ესმის, რა დროის და ფინანსურ რესურსსაც მოითხოვს ეს“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისტრიბუტორთა ასოციაცია 15 დეკემბერს სპეციალურ ფორუმს აწმობს.

„ფორუმზე ყველა უფლებამოსილი პირი დაპატიჟებული გვყავს: მერი, სატრანსპორტო სამსახური, შსს და ა.შ. დიდი იმედი გვაქვს რომ მოვლენ და გვექნება საქმიანი განხილვა, რას გეგმავენ 2023 წლისთვის და რა იქნება კონკრეტული ნაბიჯები. აგრეთვე, წარმოდგენილი იქნებიან პარტნიორი ასოციაციები, იმისთვის, რომ თვალნათლივ დავანახოთ სახელმწიფოს პრობლემის მასშტაბი. სხვა დეტალების შესახებ, ინფორმაცია მეც არ მაქვს. მედიისგან გავიგე გადაწყვეტილება. არადა, ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია ყველა დეტალი, როდის დაიწყება და დასრულდება პროცესი, სად გამოიყოფა და როგორი იქნება პირობები", - განაცხადა ჭყონიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან".

შეგახსენებთ, დედაქალაქის მასშტაბით 550-ზე მეტი საპარკინგე ადგილის გამოყოფა დაანონსდა. დედაქალაქში სადისტრიბუციო მანქანებისთვის საპარკინგე სივრცეები გამოიყოფა. როგორც მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, პროცესი უკვე დაწყებულია.

თამარ მუკბანიანი