საქართველოს ბანკისა და USAID-ის ხელშეწყობით უზბეკეთში ქართული და უცხოური ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ აზიაში ტექნოლოგიური სერვისების ექსპორტის წახალისების მიზნით, საქართველოს ბანკმა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ, ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, უზბეკეთში ქართული ICT კომპანიების უცხოურ კომპანიებთან შეხვედრას ხელი შეუწყო. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა ციფრული პროდუქტებისა და სერვისების (ICT) მიმართულების 11-მა ქართულმა მცირე და საშუალო კომპანიამ მიიღო და 22 უზბეკურ კომპანიას შეხვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ B2B შეხვედრებში და მის ფარგლებში პოტენციური მყიდველისთვის საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება წარედგინათ და ამავდროულად, ადგილობრივ პარტნიორებთან კავშირები დაემყარებინათ.

უზბეკეთის ბაზარზე ამ აქტივობაში ქართულ დელეგაციას მხარდაჭერა თავად უზბეკურმა მხარემ გამოუცხადა. კერძოდ, უზბეკეთის რესპუბლიკის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების განვითარების სამინისტრომ და IT Park-მა, რომლებმაც ქართულ დელეგაციას უმასპინძლეს და უზბეკეთში ბიზნესის კეთების უპირატესობები გააცნეს. ასევე, ადგილობრივ პარტნიორებთან დააკავშირეს.

ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრის განხორციელებაში, ჩართული იყო AmCham უზბეკეთი, რომელმაც “საქართველოს ბანკთან“ და პროგრამასთან პარტნიორობით სტუმრებს ოფიციალური მიღების ცერემონიაზე უმასპინძლა.

“ICT სექტორი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამავდროულად, ქვეყნის მისწრაფების წინაპირობას წარმოადგენს, განავითაროს ცოდნის ეკონომიკა. საქართველოს ICT სექტორი საკმაოდ აქტიურია და ქართული კომპანიებიც მოტივირებულები არიან, გაფართოვდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. უზბეკეთში მსგავსი სახის შეხვედრები ტექნოლოგიური კომპანიებისთვის იძლევა უამრავ შესაძლებლობას, არა მხოლოდ სამიზნე საექსპორტო ბაზრის ათვისების მიმართულებით, არამედ, ასევე სთავაზობს უნიკალურ პლატფორმას რეგიონში ახალი პარტნიორების გასაცნობად. შესაბამისად, ჩვენი პროგრამა მხარს უჭერს ქართული კომპანიების განვითარებას უზბეკეთის ბაზარზე,“ - აღნიშნა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ბიზნესის განვითარების სერვისების ხელმძღვანელმა, რატი ანჯაფარიძემ.

„საქართველოს ბანკის“ დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების პროექტების მენეჯერის, ოლღა ნაკაშიძის თქმით, ვიზიტი საქართველოსა და უზბეკეთის ტექ კომპანიების გაცნობასა და ურთიერთობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი იყო.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური კომპანიების მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა. უზბეკეთში ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ დავხმარებოდით ჩვენს წარმატებულ ტექ კომპანიებს ახალი პარტნიორების მოძიებაში და მათი გამორჩეული პროდუქტების ერთერთი ყველაზე მიმზიდველი ბაზრისთვის შეთავაზებაში. ვფიქრობთ, საკმაოდ სასარგებლო ვიზიტი გამოვიდა, რადგან ეს საქართველოსა და უზბეკეთის ტექ კომპანიების გაცნობასა და ურთიერთობის გაღრმავებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რაც ბუნებრივია, მიზანთან დაახლოების საწინდარია”,- განაცხადა ოლღა ნაკაშიძემ.