მიხაილ ფრიდმანის ბიზნესინტერესები საქართველოში - ფულის გათეთრების ბრალდებით ლონდონში დაკავებული ბიზნესმენი, გირაოთი გაათავისუფლეს

ლონდონში რამდენიმე დღის წინ, ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს “ბორჯომის” სავარაუდო თანამფლობელი, რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი. ამის შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, „ბორჯომს“ ამ დრომდე საჯაროდ არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია იმის თაობაზე, კვლავ ფლობს თუ არა წილს კომპანიაში მიხაილ ფრიდმანი.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, 3 დეკემბერს ლონდონში ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გირაოთი გათავისუფლებული რუსი მულტიმილიონერი, მიხაილ ფრიდმანი საქართველოში „ბილაინის“ (იგივე „ვიონი საქართველო“) თანამფლობელი იყო, რომელიც 2022 წლის ივნისში ქართულმა ჰოლდინგმა შეიძინა. გარდა ამისა, ფრიდმანის დაარსებულმა „ალფა ჯგუფმა“ 2013 წელს პატარკაციშვილების ოჯახისგან 300 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა „ბორჯომი“, რის შემდეგაც კომპანიის საკონტროლო პაკეტის, 60%-ის მფლობელი გახდა.

"საჯარო რეესტრის მონაცემებით, “ბორჯომის” ოფიციალური სახელწოდებაა: შპს “აიდიეს ბორჯომი საქართველო”, რომლის დამფუძნებელია “აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი”, რეგისტრირებული ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე. აღნიშნული კომპანია ოფშორშია რეგისტრირებული, რაც ართულებს მისი საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენას.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ „ბორჯომმა“ წარმოება შეაჩერა, მიზეზად კი საერთაშორისო სანქციები დაასახელა. „ბორჯომის“ გაჩერებამ დასაქმებულთა პროტესტი გამოიწვია, რასაც მალევე მოჰყვა 13 ივნისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც კომპანია “ბორჯომის” აქციების ნაწილი სახელმწიფოს გადაეცა, თუმცა პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია რამდენი აქციის მფლობელი გახდა სახელმწიფო.

მოგვიანებით გავრცელებული IDS BORJOMI International-ის განცხადებით გაირკვა, რომ კომპანიის მაკონტროლებელი აქციონერი (ფრიდმანი) საქართველოს მთავრობას გადასცემდა 7.73%-იან წილს. კომპანიას არ გაუვრცელებია ინფორმაცია, 7.73%-იანი წილის სახელმწიფოსთვის გადაცემის შემდეგ, როგორ განაწილდებოდა დარჩენილი წილები. თუმცა კომპანიის განმარტებით, შეთანხმების შედეგად:

- ფრიდმანს აღარ ექნებოდა IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია.

- IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდებოდა.

- IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნებოდა.

2022 წლის დეკემბერში, კომპანია „ბორჯომმა“ შეკითხვაზე, როგორ ექნებოდა ქართულ მხარეს მაკონტროლებელი ფუნქცია არასაკმარისი წილების არსებობის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა კომპანიის ოფშორულ ზონაში რეგისტრაციის გამო, ვერ ხერხდება საბოლოო მფლობელებს შორის წილების გადანაწილების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება.

შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია, როგორ ასრულებს ხელისუფლება დაპირებას, „ბორჯომის“ ოპერირებაში პრობლემების აღმოფხვრის თაობაზე და უცნობია ისიც, რა გავლენა ექნება, ბრიტანეთში მიხაილ ფრიდმანზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს უშუალოდ კომპანია „ბორჯომის“ საქმიანობაზე,"- ნათქვამია IDFI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი