უკრაინაში ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური დაზიანებულია - როგორ მუშაობს ქვეყნის ენერგოსისტემა

უკრაინაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის რვა ტალღის შემდეგ ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური, ასევე, მაღალი ძაბვის ქსელის ობიექტების 40% დაზიანდა.

ბოლო მასიური თავდასხმა 5 დეკემბერს განხორციელდა, როცა რუსებმა დაბომბვის სამი ტალღით 70-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. „უკრენერგოს“ პრესსამსახურის მიერ Facebook-გვერდზე გავრცელებული ცნობით, ამ თავდასხმის შედეგად უკრაინაში დაზიანდა რამდენიმე ელექტროსადგური, ასევე, ძირითადი ქვესადგურები, მათ შორის ქვეყნის სამხრეთში: ოდესის რეგიონში ორი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა, ხოლო დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სარაკეტო შეტევებთან დაკავშირებით კიევში მეტროს მუშაობის რეჟიმი შეიცვალა: ბაქანებზე კიეველთა დიდი რაოდენობის გამო მრავალი მატარებელი სადგურს გაუჩერებლად გადის.

„უკრენერგოს“ ხელმძღვანელის, ვლადიმირ კუდრიცკის ცნობით, „რამდენიმე ელექტროსადგური იძულებული გახდა, ელექტროენერგიის გამომუშავება მთლიანად შეეწყვიტა.“ 9 დეკემბრის მდგომარეობით „უკრენერგო“ თბოელექტროსადგურებში გენერაციის აღდგენას ბოლო შეტევის მაჩვნებლამდე ცდილობდა.

კუდრიცკის მონაცემებით, „23 ნოემბრიდან დღემდე განხორციელებული მასიური დაბომბვების მიუხედავად, უკრაინის ენერგეტიკული სისტემა დაუბალანსებელი მაინც არ არის და ერთიანი მთლიანი სახით მუშაობს.“ მისი თქმით, საერთო სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ელემენტი და ფაქტორი ის არის, უკრაინის ენერგოსისტემა თავის მეზობლებთან, მოლდოვისა, და ევროპულ ენერგოსისტემასთან არის დაკავშირებული, ხოლო დაზიანებულ ობიექტებზე აღდგენითი სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს.

ყველაზე რთული ვითარება უკრაინის სამხრეთით, ოდესისა და ხერსონის, ასევე, ხარკოვის ოლქებშია. 10 დეკემბრის ღამეს რუსებმა ოდესის რეგიონის ენერგეტიკულ ობიექტებს კამიკაძე დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც, თითქმის, მთელი ოლქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 10 დეკემბრის საღამოს ოდესის ოლქში ელექტროენერგია 1,5 მილიონი ადამიანს არ მიეწოდებოდა, ხოლო 11 დეკემბერს ეს რაოდენობა 300 ათასამდე შემცირდა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოდესის ოლქში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ამასთან, მთლიანობაში უკრაინის ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის 24-საათიანი დეფიციტი გრძელდება, შესაბამისად, გათიშვებიც 24-საათიანია. ქვეყანაში არ დარჩა არც ერთი თბოელექტროსადგური, რომელიც დაბომბვის ქვეშ არ მოყოლილა. თითქმის, ყველა ჰიდროელექტროსადგური დაზიანებულია, ამიტომ ელექტროენერგიის გამომუშავება შეზღუდული შესაძლებლობებით ხდება. ატომური ელექტროსადგურები ელექტროენერგიის მოთხოვნილების ნახევარს ან ნახევარზე ოდნავ მეტს უზრუნველყოფენ. ამდენად, მხოლოდ ატომური გენერაცია ასეთი მასშტაბის ქვეყნისთვის არასაკმარისია.

პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის მთავრობამ ენერგეტიკის სამინისტროს დაავალა, განსაზღვროს და განსახილველად წარადგინოს ელექტროენერგიის ჩართვის მკაფიო პრიორიტეტები.

პირველი პრიორიტეტი კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საავადმყოფოებია; მეორე - სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები და ობიექტები; მესამე პრიორიტეტი არის ბიზნესი, რომელიც აწარმოებს ქვეყნისთვის კრიტიკულ საქონელსა და პროდუქტს, ხოლო მეოთხე პრიორიტეტი საცხოვრებელი სექტორია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ