სალომე სამადაშვილი - რუსეთთან სავიზო რეჟიმის აღდგენას აქვს ძალიან ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ეს არის დღეს გადაუდებელი ამოცანა

რუსეთთან სავიზო რეჟიმის აღდგენას აქვს ძალიან ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ამას მხარს უჭერს გამოკითხულთა 80 პროცენტი, ეს არის დღეს გადაუდებელი ამოცანა და არა ის, რომ ხელისუფლება ემუქრებოდეს პასპორტების წართმევით მათ, ვინც პუტინის რეჟიმს ებრძვის უკრაინაში, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ფრენების აღდგენის შესაძლებლობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

მისივე თქმით, ეს რუსეთის მხრიდან პროპაგანდისტული გზავნილია, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს კარგად ესმით, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს.

„გასული წლების მანძილზე ვხედავთ, რომ რუსეთი დროდადრო აჟღერებს ინიციატივას, თითქოს მზად არის, გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად. ეს როგორც წესი სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდისტული გზავნილი ქართველი ხალხისთვის მაშინ, როცა ჩვენ ხალხს კარგად ესმის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში და მათ შორის, რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება ჩვენს რეგიონში. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ შემიძლია კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ სასწრაფოდ დაიწყოს და დღის წესრიგში დააყენოს განხილვა სავიზო რეჟიმის აღდგენა რუსეთთან. ამას აქვს ძალიან ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, გამოკითხული ადამიანების 80 პროცენტამდე მხარს უჭერს ამ ნაბიჯს და მიგვაჩნია, რომ ეს არის გადაუდებელი ამოცანა და არა ის, რომ ემუქრებოდეს ხელისუფლება ქართული პასპორტის წართმევით იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვის ებრძვიან პუტინის რეჟიმს უკრაინაში,“ - განაცხადა სამადაშვილმა.