პრემიერი - გაეშვება პროექტი 800 მგვტ-მდე ჰესის ასაშენებლად, წლის ბოლოს 1500 მგვტ ჰესზე გამოვაცხადებთ ტენდერს

გაეშვება პროექტი 800 მგვტ-მდე ჰესის ასაშენებლად, რომელშიც, ალბათ, მილიარდზე მეტი დაიხარჯება. წლის ბოლოს 1500 მგვტ ჰესზე გამოვაცხადებთ ტენდერს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯამში ეს იქნება 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია.

„ბოლო პერიოდში მივიღეთ გადაწყვეტილება ჰესებთან დაკავშირებით. თუ არ ვცდები, ბოლო 5 წელია ჰესების პროექტი იყო გაჩერებული. ამის თაობაზე გვქონდა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მივაღწიეთ შედეგს. გაეშვება 800 მგვტ-მდე ჰესის ასაშენებლად პროექტი, რომელშიც, ალბათ, დაახლოებით მილიარდზე მეტი დაიხარჯება. ამას გარდა, წლის ბოლოს 1500 მგვტ-ზე გამოვაცხადებთ ტენდერს. ეს არის 2.5 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია.

მომავალ წელს ასევე გამოვიტანთ დამატებით სხვა მეგავატებს. მთავარი აქცენტი გაკეთდება ჰიდროელექტროსადგურებზე, ასევე ქარის და მზის სადგურებზე. ჩვენ ასევე ვმუშაობთ დამატებითი სიმძლავრის შექმნაზე და დამატებით თბოსადგურის მშენებლობას ვგეგმავთ. გვინდა, რომ ეს ტენდერებიც გამოვაცხადოთ. ჯამში, ეს დაახლოებით 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.