რა ღირს აბონემენტი საქართველოს სათხილამურო კურორტებზე

ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის და შესაბამისად, საქართველოს მთის რეგიონებისკენ ინტერესი მატულობს. მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი ბინის/სასტუმროს/კოტეჯის პრობლემა მოიხსნება, დღის წესრიგში ადგილობრივი სათხილამურო აბონემენტის ფასები დგება.

გთავაზობთ აბონემენტის ფასებს ბაკურიანის, გოდერძის, გუდაურისა და მესტიის 2022-2023 წლების სათხილამურო სეზონებზე:

გუდაური

1 ასვლა უფროსებისთვის და ბავშვებისთვის 14 ლარი, კობის გადმოსახედიდან ორივე გზა 45 ლარი უფროსებისთვის და 35 ლარი ბავშვებისთვის. 4 დღეს სეზონზე 260 ლარი უფროსებისთვის და 130 ლარი ბავშვებისთვის, 6 დღე - 340 ლარი უფროსებისთვის და 170 ბავშვებისთვის. ღამით სრიალის შემთხვევაში, 30 ლარის გადახდა მოუწევთ მოზრდილებს, ხოლო 15 ლარის - ბავშვებს.

სტუდენტებისთვის სეზონური მულტიქარდის ღირებულება 270 ლარს შეადგენს.

მესტია

1 ასვლა თეთნულდსა და ჰაწვალზე 10 ლარი ღირს უფროსებისთვისაც და ბავშვებისთვისაც, 1 დღის ღირებულება კი 50 ლარია უფროსებისთვის და 25 ბავშვებისთვის. 4 დღე 184 ლარი ღირს უფროსებისთვის და 92 ლარი ბავშვებისთვის, 7 დღის ღირებულება 268 ლარს შეადგენს, ხოლო ბავშვებისთვის - 134 ლარს. ღამის სრიალის მოყვარულთათვის ღირებულება 30 ლარს შეადგენს, ხოლო სტუდენტური სეზონური მულტიქარდი 180 ლარი ღირს.

გოდერძი

1 ასვლა, როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის 5 ლარი ღირს, 1 დღე - 30 ლარი უფროსებისთვის და 15 ლარი ბავშვებისთვის, 4 დღე - 111 ლარი უფროსებისთვის და 56 ლარი ბავშვებისთვის, 7 დღე კი - 160 ლარი უფროსებისთვის და 80 ლარი ბავშვებისთვის.

სტუდენტური მულტიქარდი 100 ლარი ღირს.

ბაკურიანი

1 ასვლა უფროსებსაც და ბავშვებსაც ბარკოდით 10 ლარი დაუჯდებათ, 1 დღე მულტიქარდით უფროსებისთვის 55 ლარი, ხოლო ბავშვებისთვის 28 ლარი ჯდება, 4 დღე - 204 ლარი უფროსებისთვის და 102 ლარი ბავშვებისთვის. 7 დღე - 296 უფროსებისთვის და 148 ლარი ბავშვებისთვის.

თუ ოჯახური პაკეტით სარგებლობა გსურთ, 2+2 ან 2+3 წევრის არსებობის შემთხვევაში 135/160 ლარის გადახდა მოგიწევთ.

ღამით სრიალის მოყვარულები 30 ლარს გადაიხდით, ხოლო ტობოგანი როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის 10 ლარი ღირს.

სტუდენტებისთვის სეზონური მულტიქარდის ფასი 180 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2022-2023 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, ვიზიტორებს ახალი ინფრასტრუქტურა დახვდებათ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს კურორტი ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასატარებელია 30 შეჯიბრი, 7 სახეობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ განხორციელებული პროექტები რჩება კურორტს და ათეული წლები მოემსახურება ბაკურიანში ვიზიტორების გაზრდილ ოდენობას, რაც ხელს შეუწყობს კურორტის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით. კურორტ გუდაურში ვიზიტორებს 2022-2023 წლის სათხილამურო სეზონზე ორი ახალი საპირფარეშო დახვდება. აშენდა ორი ახალი საოპერატორო შენობა ნაგებობა. გოდერძიზე დასრულდა ახალი საოპერატორო შენობისა და სალაროს მშენებლობა, რომელიც 2022-2023 წლის სეზონზე სრულყოფილად იფუნქციონირებს. ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სპეც-ტექნიკას ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები.

სერვისის გაუმჯობესების მიზნით, კურორტის მომსახურე პერსონალი - საბაგიროს მემანქანე ოპერატორები, ელექტრიკოსები, მოლარეები, მაშველები - კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადამზადდნენ. ამასთან, სვანეთში ჰაწვალის მთაზე მიმდინარეობს ახალი სათხილამურო ტრასების პროექტირება და მულახი-თეთნულდის დამაკავშირებელი საბაგიროს კვლევითი და საპროექტო სამუშაოები.

ჩემპიონატი 2023 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება.

ეკა დარჩიაშვილი