საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ბემონი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი შპს „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა“ გახდა. როგორც ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წელს ასოციაციას 20-მდე ახალი წევრი შემოუერთდა.

„აღსანიშნავია, რომ „ბემონი“ აერთიანებს დარგის საუკეთესო სპეციალისტებს. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ენერგო ინფრასტრუქტურის - ჰიდროელექტროსადგურების, მზისა და ქარის ელექტროსადგურების, მაღალი ძაბვის საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების დაპროექტება და მშენებლობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ კომპანია ჩართულია გზების, გვირაბების განათების, ვენტილაციის და სრული ელექტროფიცირების პროექტირებასა და მშენებლობაში.

კომპანია „ბემონის“ მიზანია გამოცდილი გუნდის სამეცნიერო და პრაქტიკულ-ტექნიკური ცოდნის მეშვეობით, ქვეყანაში სამშენებლო და საინჟინრო დარგში ხარისხის ახალი, უმაღლესი სტანდარტი დაამკვიდროს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, გაფართოებულ ფორმატში, თანამშრომლობა პროდუქტიული და შედეგის მომტანი იქნება.

„მივესალმებით საინჟინრო-სამშენებლო კომპანია „ბემონს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. მიმართულება, რომელზეც კომპანია მუშაობს, საჭიროებს განსაკუთრებულ პროფესიონალიზმსა და ხარისხს, რასაც კომპანია „ბემონი“ და მისი პროფესიონალი გუნდის წევრები წლებია აქტიურად უზრუნველყოფენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გაფართოებულ ფორმატში, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სთავაზობს წევრ კომპანიებს, ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და შედეგის მომტანი იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.