პრემიერი - ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზული პროგრესი გვაქვს, რაც განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ

მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, სერიოზული გეგმები აქვთ წარმოების მიმართულებით, ასევე გრძელდება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბანკების მოგება ძალიან გაზრდილია. ბანკებს 2 მილიარდი ლარის მოგება აქვთ. წელს ექნებათ დაახლოებით 2 მილიარდი. ამდენივე ჰქონდათ გასულ წელს, ამიტომ ჩვენი სურვილია, რომ ეს ფული მიემართოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ეს ყველაფერი დამატებით, „დაბუსტავს“ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ინვესტიციები გრძელდება ინფრასტრუქტურაში - გზების, მაგისტრალის მშენებლობა, რეგიონებში სოფლის მეურნეობაში სერიოზულ ინვესტიციებს ვახორციელებთ. მთლიანობაში ველოდებით სერიოზულ პროგრესს, ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა შევინარჩუნოთ. შარშან მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, წელს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამან მოგვცა რამდენიმე დამატებითი მილიარდი ლარის შემოსავალი, რითაც გავზარდეთ ხელფასები, პენსიები. ამდენი პროექტების დაფინანსება მიმდინარეობს - დევნილების სახლები იქნება, პოლიციის, თუ ჯარის ქალაქების მშენებლობა, ისევე როგორც სკოლების მშენებლობა. 800 სკოლის მშენებლობას და რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ, ბაღების რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ, სპორტის მიმართულებით სპორტული ინფრასტრუქტურა და მოედნები - ყველა მიმართულებით გვაქვს, ძალიან სერიოზული პროგრესი. ეს განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.