სი ძინპინი არაბულ ქვეყნებს ნავთობით ვაჭრობაში იუანზე გადასვლას სთავაზობს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა არაბული ქვეყნების ლიდერებს ნავთობით ვაჭრობაში იუანზე გადასვლა შესთავაზა. Reuters საუდის არაბეთში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნედლეულის მიწოდების დროს ეროვნულ ვალუტაში გადახდის პლატფორმა შესაძლოა, შანხაის ნავთობისა და გაზის ეროვნული ბირჟა გახდეს.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი სახელმწიფოები ბუნებრივი პარტნიორები არიან და „ჩინეთი GCC ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით ნედლი ნავთობის იმპორტს გააგრძელებს. ასევე, გააფართოვებს თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს და ნავთობისა და გაზის განვითარების, საინჟინრო სერვისების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების მიმართულებით თანამშრომლობას გააძლიერებს.“

„ჩინეთი შანხაის ნავთობისა და გაზის ეროვნულ ბირჟას იუანში დაანგარიშების სავაჭრო პლატფორმად სრულად გამოიყენებს,“ - აცხადებს სი ძინპინი.

საუდის არაბეთის წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ჩინეთისთვის მცირე რაოდენობით ნავთობის იუანში მიყიდვა ჩინეთის იმპორტის პირდაპირი გადახდებისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა სააგენტოს თანამოსაუბრის შეფასებით, ჩინეთსა და არაბულ ქვეყნებს შორის ნედლეულის მიწოდებისთვის ეროვნულ ვალუტებზე გადასვლის შესაფერისი დრო ჯერ არ დამდგარა.

ამასთან, ვარაუდობენ, რომ ამ მოვლენამ შესაძლოა, კიდევ უფრო გააძლიეროს იუანის პოზიცია გლობალურ ვაჭრობაში და მსოფლიოს მთავარი სარეზერვო ვალუტის სახით აშშ დოლარის დომინირება შეასუსტოს.

ჩინეთის პრეზიდენტი მომდევნო სამიდან ხუთ წელიწადში სხვა სფეროებში თანამშრომლობის ინიციატივითაც გამოდის, როგორიც არის ფინანსები და ინვესტიციები, ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები, ასევე, კოსმოსი, ენა და კულტურა. მისი თქმით, ჩინეთს სურს, GCC-ის ქვეყნებთან ფინანსური რეგულირების სფეროში ითანამშრომლოს და ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე ამ ქვეყნების საწარმოების შესვლას შეუწყოს ხელი. სი ძინპინი GCC-თან ერთობლივი საინვესტიციო ასოციაციის შექმნისკენ და ორივე მხარის სუვერენულ ფონდებს სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი ორმხრივ საინვესტიციო და ეკონომიკურ სამუშაო მექანიზმებს შექმნის, ასევე, ადგილობრივ სვოპ და ციფრულ ვალუტაში თანამშრომლობას განავითარებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ