„ქართული ლუდის კომპანია“ „მაგნიტის“ მფლობელ შპს „რითეილ ჯგუფში“ წილის ზრდითაა დაინტერესებული

სს „ქართული ლუდის კომპანია“ სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ მფლობელ შპს „რითეილ ჯგუფში“ წილის ზრდითაა დაინტერესებული.

როგორც სს „ქართული ლუდის კომპანიის“ 13 დეკემბრისთვის ჩანიშნულ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგშია აღნიშნული, კრებაზე განიხილება შპს „რითეილ ჯგუფში“ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირი წილის 30%-მდე ზრდის საკითხი.

„ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ შპს „რითეილ ჯგუფში“ პირდაპირ ან არაპირდაპირ 30%-მდე წილის შეძენა არაუმეტეს 9 მლნ დოლარად და აღნიშნული მიზნით სს „ქართული ლუდის კომპანიის“ და მისი შვილობილი საწარმოს (მათ შორის, „ჯიბისი ინვესტის“) მიერ კომპანიის ან/და შვილობილი საწარმოს კუთვნილი არსებული/სამომავლო ქონების იპოთეკით/გირავნობით დატვირთვა ან/და სესხის გაცემა/აღება თავდებობის კისრება; დირექტორისთვის უფლებამოსილების მინიჭების საკითხი, რათა მან, სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ შპს „რითეილ ჯგუფში“ წილის პირდაპირ/არაპირდაპირ შეძენის მიზნით, ხელი მოაწეროს ნებისმიერ ხელშეკრულების/შეთანხმების, განსაზღვროს მათი პირობები და განახორციელოს ნებისმიერი ქმედება აღნიშნული წილის რეგისტრაციის მიზნით,“ - აღნიშნულია აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგში.

დღეისათვის „რითეილ ჯგუფში“ სუბიექტების წილობრივი მდგომარეობა ასეთია:

  • შპს „ქისთოუნ ინვესთმენთი“, (თემურ ანჩაბაძე - ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია) - 30%;
  • შპს „დოლ ნეი ქენსალთენთი“ /კვიპროსი/ - 26,67%;
  • შპს „ჯიბისი ინვესტი“ (ქართული ლუდის კომპანია) - 20,04%;
  • შპს „გუდ ფროდაქტი“ (დავით ბეჟუაშვილი) - 13,33%;
  • შპს „რითეილ ინვესთმენთი“ - 9,96%.

აღსანიშნავია, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიამ” 2021 წლის მარტში დააარსა 100% შვილობილი კომპანია შპს „ჯიბისი ინვესტი“ და განახორციელა შპს „რითეილ ჯგუფში“ მისი წილის 20,04% ოდენობის შენატანი შვილობილი საწარმოს საკუთარ კაპიტალში. შპს „ჯიბისი ინვესტის ოპერაციები შემოიფარგლება მხოლოდ შპს „რითეილ ჯგუფში“ მისი წილების ფლობით და ასოცირებული საწარმოს კაპიტალში შენატანებით კომპანიის მოთხოვნისა და დაფინანსების საფუძველზე.

არსებული წილობრივი გადანაწილებიდან თუკი „ჯიბისი ინვესტი“ ანუ სს ქართული ლუდის კომპანიის“ შვილობილი კომპანია უკვე ფლობს აქციათა 20,04%-ს, მას 30%-მდე შესავსებად 9,96% ესაჭიროება. საინტერესოა, დარჩენილი 4 აქციონერიდან რომელი კომპანიასთან აწარმოებს „ქართული ლუდის კომპანია“ მოლაპარაკებებს, ან რომელიც აქციონერი ცდილობს წილის ნაწილის დათმობას.

სუპერმარკეტების ქსელი ,,მაგნიტი’’ 2015 წლიდან ფუნქციონირებს. როგორც კომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, „მაგნიტი“ პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს, საქართველოს მასშტაბით 270-ზე მეტ ფილიალს და 4500-მდე დასაქმებულს აერთიანებს.

ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, ქალაქებსა და სოფლებშია წარმოდგენილი. კომპანია აერთიანებს მცირე და საშუალო სუპერმარკეტებს, ასევე დიდ და მრავალფუნქციურ სავაჭრო სივრცეებს, რომელიც თბილისსა და ბათუმში „მაგნიტი მაქსის“ სახელითაა წარმოდგენილი.კომპანიას „მაგნიტის“ წარმოების ხაზი აქვს, რომელიც პურ-ფუნთუშეულს, საკონდიტრო ნაწარმსა და მზა კვების პროდუქტებს აერთიანებს.„მომხმარებლის კმაყოფილების კვლევა აჩვენებს, რომ „მაგნიტი“ სწრაფად განვითარებადი ინოვაციური და სიახლეებზე ორიენტირებული ქსელია, რომელიც საზოგადოებას ხელმისაწვდომ ფასებს და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს“, - აღნიშნულია „მაგნიტის“ ვებგვერდზე.

თაია არდოტელი