კრიპტობირჟა FTX-ის დამაარსებელი დააკავეს

ბაჰამის ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-ის დამაარსებელი, სემ ბენკმან-ფრიდი დააკავა. ინფორმაციას Reuters აშშ-ისა და ბაჰამის პროკურორებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ის ბირჟას მანამ მართავდა, ვიდრე ლიკვიდურობის კრიზისის შედეგად არ გაკოტრდა. ბენკმან-ფრიდი ორშაბათს საღამოს, ბაჰამის კუნძულებზე მას შემდეგ დააკავეს, რაც ამერიკელმა პროკურორებმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა გამოაცხადეს. ბაჰამის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბენკმან-ფრიდის აშშ-ში ექსტრადირებას ელოდებიან.

მანჰეტენზე აშშ-ის პროკურატურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ბენკმან-ფრიდი ბაჰამის კუნძულებზე დააკავეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა ბრალდებები წაუყენეს მას. აშშ-ის პროკურორი, დამიან უილიამსი აცხადებს, რომ სამუელ ბენკმან-ფრიდი ბაჰამის ხელისუფლებამ „აშშ-ის მთავრობის მოთხოვნით დააკავა, რასაც საფუძვლად დაედო შეერთებული შტატების ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურის მიერ წარდგენილი დახურული საბრალდებო დასკვნა.“

კრიპტობირჟა FTX-მა, რომელიც წლის დასაწყისში 32 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, ნოემბერში კრახი განიცადა. მისი დამფუძნებელი, სემ ბენკმან-ფრიდი ბირჟის ხელმძღვანელის პოსტიდან 11 ნოემბერს გადადგა. მაშინ Reuters-ის წყაროები აცხადებდნენ, რომ ბენკმან-ფრიდმა კლიენტების კუთვნილი 10 მლრდ დოლარი ფარულად გადარიცხა FTX-დან Alameda Research-ში, რის შემდეგაც თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრა.

FTX-ის მიერ კლიენტების სახსრების მართვაზე გამოძიებას ფასიან ქაღალდებზე თაღლითობის სპეციალისტი, მანჰეტენის ვეტერანი პროკურორი, დამიან უილიამსი ხელმძღვანელობდა. გამოძიება ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. საქმეს, ასევე, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია და სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია იძებდნენ.

წლევანდელი არაერთი კრიზისის ფონზე კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზარი დაეცა, რამაც ისეთ მსხვილ მოთამაშეებს დაარტყა, როგორიც არის Voyager Digital და Celsius Network.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ